PricewaterhouseCoopers Georgia LLC (PwC საქართველო)

PwC-ისთვის, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, თანამშრომლების კეთილდღეობა ბიზნესსტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის პრიორიტეტული კომპონენტია. PwC-ის საერთაშორისო და რეგიონული ინიციატივები მიზნად ისახავს თანამშრომლების ჩართულობის და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე ზრუნვას, უსაფრთხოების, გამჭვირვალობის, თანასწორობის უზრუნველყოფას და სტანდარტული სარგებლის კომპლექსური პაკეტის შეთავაზებას. 

ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვის ჩატარების შემდეგ PwC საქართველომ ნათლად დაინახა, რომ თანამშრომელთა ჩართულობის და კმაყოფილების ინდექსის გასაუმჯობესებლად აუცილებელია თანამშრომელთა აღიარების გამჭვირვალე და სისტემური მიდგომის არსებობა. PwC-მ განიზრახა შეექმნა ყოვლისმომცველი  პროგრამა, რომელიც იქნებოდა კომპანიის მიზნების, ღირებულებებისა და ქცევის ნორმების შესაბამისი. ყველა მოსაზრების გათვალისწინების მიზნით, წახალისებისა  და აღიარების პროგრამა PwC-მ თანამშრომლების თანამონაწილეობით, ღია დისკუსიებითა და „გონებრივი იერიშის“ მეშვეობით შეიმუშავა. 

პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას. ტექნოლოგიებისა და ციფრული პროცესების გამოყენებით, კომპანიამ მოახდინა სამუშაო პროცესების და რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია, რითაც ყველა ჩართული მხარის შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყო. ელექტრონული ფორმები, ინტერნეტის გამოყოფილი გვერდი, ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით – ეს იმ ინსტრუმენტების არასრული ჩამონათვალია, რაც ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლის კომფორტისთვის იქნა გამოყენებული. 

წახალისების და აღიარების პროგრამამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა კომპანიას, რაც გამოიხატა თანამშრომელთა ჩართულობაში, კმაყოფილების ზრდაში, სამუშაო შედეგების გაუმჯობესებაში. პროგრამის ამოქმედებიდან  ყოველთვიურად ივსებოდა აღიარების ასზე მეტი განაცხადი, გაიცა 50 ჯილდო. პროგრამა პოპულარულია თანამშრომლებში; სამომავლოდ PwC გეგმავს პროგრამის გამდიდრებას აღიარების ახალი სქემების დანერგვით და თანამშრომელთა დაფასების და დაჯილდოების ინოვაციური გზების მოძიებით.