კრედო ბანკი

„კრედო ბანკის“ პრიორიტეტია თანამშრომელთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვა. ბანკში დანერგილია შიდა დაწინაურების პოლიტიკა, რაც ამა თუ იმ ვაკანსიის შევსებისას, პირველ რიგში, არსებული თანამშრომლების ინტერესის დაკმაყოფილებას გულისხმობს. თუმცა, ვაკანსიის დასაკავებლად თანამშრომლებს ხშირად აკლიათ ბიზნესპროცესების მართვასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და სწორედ ამ პრობლემის  მოგვარებისა და გრძელვადიანი დადებითი შედეგების მიღების მიზნით ბანკში დაინერგა პროექტი „სტრატეგიული მენეჯმენტი“. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორსაფეხურიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებდა მარკეტინგის, ფინანსების, სტრატეგიული და საოპერაციო მართვის, მეწარმე ლიდერობის და ბიზნესქოუჩინგის კურსებს. პროგრამის კურსებს უძღვებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ლექტორები. პროექტს უმასპინძლა „კრედო აკადემიამ“ – კამპუსის ტიპის დაწესებულებამ, რომელიც „კრედო ბანკის“ თანამშრომლებს უწყვეტი სწავლის შესაძლებლობით უზრუნველყოფს 2017 წლიდან. 

სტრატეგიული მართვის პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, პირველ რიგში,  თანამშრომლების განვითარებისა და კარიერული წინსვლის თვალსაზრისით; პროგრამაში ჩართული 98 მენეჯერიდან 22 დაწინაურდა. ამავდროულად, კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად, თანამშრომლებს უჩნდებათ დასაქმების უკეთესი შანსები არა მხოლოდ ორგანიზაციის შიგნით, არამედ, ზოგადად, საფინანსო სექტორში. პროექტის მსვლელობისას მიღებული ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება, ჯგუფური სამუშაოების შესრულება და წარდგენა ბანკის ტოპმენეჯმენტისთვის ხელს უწყობდა უკუკავშირის მიღებისა და გაცემის კულტურის გაუმჯობესებას, ახალი იდეების წარმოქმნას და განხილვას, საბოლოო ჯამში კი – ცოდნის ხარისხის ამაღლებას. 

აღსანიშნავია, რომ ბანკმა გადააჭარბა 2023 წელს დაგეგმილ მოგების მაჩვენებელს. პროექტი ნამდვილად ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა ასეთი წარმატებისა, რადგან თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა აძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას, პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანების მოტივაციაზე, პროდუქტიულობასა და ლოიალობაზე. ყველაფერთან ერთად, კომპანია, როგორც დამსაქმებელი, უფრო მიმზიდველი ხდება კვალიფიციური კადრებისთვის. 

2024 წლისთვის „კრედო ბანკში“ კვლავ გაგრძელდება და ამჯერად სამ ეტაპად განხორციელდება „სტრატეგიული მართვის“ პროექტი.