საკონსკურსო განაცხადის შეფასება

განაცხადების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყოფა: კონკურსის პირობებთან შესაბამისობის შეფასება და ჟიურის შეფასება. გარკვეული კატეგორიებისთვის (გრანპრი, წლის CSR-მენეჯერი) შეფასება მოიცავს ასევე კონკურსის ბოლო ეტაპზე გასული რამდენიმე ფინალისტის ზეპირ პრეზენტაციებს ჟიურის წინაშე. 

კონკურსის პირობებთან შესაბამისობის შეფასება

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადის ამოწურვისთანავე ყველა განაცხადს შეამოწმებენ კონკურსის ორგანიზატორები, კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად. განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს შესაბამისობის კრიტერიუმებს, ვერ გადავა შეფასების შემდეგ ეტაპზე  (იხ. მონაწილების პირობები).

იმ შემთხვევაში, თუ  განაცხადს ექნება უმნიშვნელო, ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, კონკურსის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან შესაბამის განმცხადებელს და შესთავაზებენ რამდენიმე დღის ვადაში შეასწოროს თავისი განაცხადი ან/და წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაცია. 

განაცხადების შეფასება ჟიურის მიერ

ყველა განაცხადი, რომელიც გაივლის შესაბამისობის შემოწმებას, გადაეგზავნება დამოუკიდებელ ჟიურის (გარე შემფასებელთა ჯგუფს) და შეფასდება კომპლექსური კრიტერიუმების მიხედვით (შეფასების სისტემა გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: www.meliora.ge). გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში ჟიურის წევრები  მხედველობაში  მიიღებენ აგრეთვე იმ მტკიცებულებებს (საბუთებს, ბმულებს და ა.შ.), რომლებიც თან ერთვის განაცხადებს.

განაცხადების განხილვის პროცესში ჟიურის წევრებს შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვები; მათ ასევე შეიძლება მოითხოვონ დამატებითი ინფორმაციის/საბუთების წარმოდგენა.  აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრებს არ ექნებათ უშუალო კავშირი კონკურსის მონაწილეებთან და მათ ყველა შეკითხვას თუ მოთხოვნას განმცხადებლები მიიღებენ კონკურსის ორგანიზატორებისგან. 

გრძელი სიის გამოვლენა

კომპანიები, რომელთა განაცხადების შეფასების ჯამური საშუალო ქულა იქნება 60 ან მეტი ქულა, შევლენ „გრძელ სიაში“.

ამ კომპანიათა განაცხადების მოკლე აღწერა შევა კონკურსის კატალოგში, აგრეთვე „გრძელი სიის“ კომპანიები საჯაროდ დასახელდებიან კონკურსის საკომუნიკაციო არხებით დაჯილდოების ღონისძიებამდე.

ზეპირი პრეზენტაციები კატეგორიებისთვის - გრანპრი და წლის CSR-მენეჯერი

კატეგორიებში გრანპრი და წლის CSR-მენეჯერი ჟიურის შეფასება ორ რაუნდად წარიმართება. პირველ რაუნდში ჟიური განიხილავს განაცხადებს და შეარჩევს შესაბამისი კატეგორიის რამდენიმე ფინალისტს. მეორე რაუნდში შერჩეულ ფინალისტებს მოიწვევენ ზეპირ პრეზენტაციებზე და სთხოვენ პირადად წარუდგინონ ჟიურის თავიანთი პროექტები/ინიციატივები.

მეორე რაუნდში გადასულ ფინალისტებს გაეგზავნებათ წინასწარი წერილობითი შეტყობინება, თუ კონკრეტულად რა თემებსა და საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პრეზენტაციის დროს.

საბოლოო გამარჯვებულს თითოეულ ზემოხსენებულ კატეგორიაში ჟიური გამოავლენს ზეპირ პრეზენტაციებზე დაყრდნობით.

-------------------------------------------------------------------

კატეგორიაში შემოსული უნდა იყოს სულ მცირე სამი განაცხადი, რომ მოხდეს გამარჯვებულის გამოვლენა. თუ კატეგორიაში შემოტანილი განაცხადების რაოდენობა სამზე ნაკლებია, წარჩინებულ აპლიკანტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდება.

ჟიურის წევრებს შეუძლიათ უარი თქვან ამა თუ იმ კატეგორიაში ჯილდოს მინიჭებაზე, თუკი მიიჩნევენ, რომ შემოტანილი განაცხადები არ აკმაყოფილებს სათანადო სტანდარტებს.

ჟიურის წევრები იტოვებენ უფლებას, თითოეულ  თემატურ  კატეგორიაში დაასახელონ ორი გამარჯვებული: ერთი - მსხვილი და ერთი - მცირე/საშუალო ზომის კომპანია.

გთხოვთ აგრეთვე იხილოთ  კონკურსის მოთხოვნები და პირობები.


გამარჯვებულების დასახელება - დაჯილდოების ცერემონია და ჯილდო

კონკურსში გამარჯვებულების გამოცხადება მოხდება დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 2024 წლის ივნისში გაიმართება.

  • თითოეული კატეგორიის გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური ჯილდო - განსაკუთრებული პრიზი;
  • ყველა გამარჯვებულს უფლება ექნება გამოიყენოს Meliora 2024-ის გამარჯვებულის ლოგო საკუთარ საკომუნიკაციო მასალებში;
  • კონკურსის უკლებლივ ყველა მონაწილეს მიიწვევენ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.

მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებთ თუ არა კონკურსში, გარწმუნებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია თქვენთვის  იქნება დაუვიწყარი!

წინა წლების დაჯილდოების ცერემონიების ამსახველი ფოტოები/ვიდეო იხილეთ გალერეაში.