ზღაპარი

შპს „ზღაპარს“ წლების განმავლობაში არაერთხელ დაუსაქმებია შშმ პირები, თუმცა ამას არ ჰქონია სტაბილური ხასიათი. შშმ პირებს უჭირდათ გუნდთან და გარემოსთან ადაპტირება და, შესაბამისად, დასაქმებას დროებით საქველმოქმედო საქმიანობად აღიქვამდნენ. „ზღაპარს“ სურდა შეეცვალა ეს ვითარება და გამხდარიყო  კომპანია, რომელიც დაასაქმებდა შშმ პირებს მათი რეალური შესაძლებლობების ფარგლებში, მისცემდა მათ შესაძლებლობას თავი ეგრძნოთ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, ეშრომათ მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში, ამ შრომის შედეგად მიეღოთ შემოსავალი და შესძლებოდათ კარიერული განვითარება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პროექტი „ჩვენს გუნდში ყველა თქვენგანს აქვს საკუთარი ადგილი“, რომელიც 2023 წლის თებერვალ-დეკემბერში განხორციელდა. 

პირველ რიგში, „ზღაპარმა“ დაიწყო  აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის ESCape პროექტის კონსულტანტებთან,  მათი დახმარებით შეისწავლა საკითხის მორალური და სამართლებრივი ასპექტები, შესაბამისად გადაამზადა თანამშრომლები,  შექმნა შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო. პროექტის განხორციელების შედეგად, ამ ეტაპზე კომპანიაში უკვე დასაქმდა 8 შშმ პირი, მათზე მორგებული სამუშაო პირობებით. 

შემდგომ ეტაპზე კომპანია გეგმავს შშმ პირთა კარიერული განვითარების დაგეგმვას, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნას, მათი ინტერესების, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გათვალისწინებით.