შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace
"ჩემი პირადი ემოციების მიღმა და მიღმა აღიარებისა, რომ მხოლოდ დროებით ვარ ამ მშვენიერი პლანეტის მკვიდრი, არსებობს ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, ვიზრუნო პლანეტაზე, განსაკუთრებით, მოგზაურობისა და ტურიზმის თვალსაზრისით". ენტონი კაპუანო, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
კომპანიის პოლიტიკით განსაზღვრულია 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი ემისიების მიღწევა. მიმდინარე ღონისძიებების ეფექტიანობის გასაზომად კომპანიამ ათვლის წერტილად 2016 წლის KPI მაჩვენებლები გამოიყენა და 2025 წლისთვის რამდენიმე მოკლევადიანი ამოცანა დაისახა: ენერგიის მოხმარების 50%-ით შემცირება, წყლის მოხმარების 30%-ით შემცირება და მყარი ნარჩენების 30%-ით შემცირება. ავტოსადგომზე დამონტაჟდა ელექტრომანქანების დამტენები, სახურავზე კი – ფოტოელექტრული პანელები, რომლებიც ყოველწლიურ ენერგომოხმარებას 2.5% პროცენტით ამცირებენ.
ენერგიის ეკონომია მიიღწევა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით: LED განათებები, მზის პანელები, კონდიცირების და გათბობის ავტომატიზაცია. სასტუმრო დიდ ყურადღებას უთმობს მყარი ნარჩენების მართვას, თანამშრომლობს პლასტმასის, მინის, ქაღალდის და საშიში ნარჩენების შემგროვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებთან. სასტუმროში არსებობს მწვანე კომიტეტი, რომელიც ავრცელებს კომპანიის შიგნით ინფორმაციას მწვანე ინიციატივების შესახებ და მხარს უჭერს მათ განხორციელებას.
პასუხისმგებლობა თანამშრომლების წინაშე
კომპანია ზრუნავს თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ინსტრუმენტების და ტრენინგების მეშვეობით, რომლებიც ექსკლუზიურად „მარიოტისთვისაა“ შემუშავებული. თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფიტნესცენტრებით, მათთვის აწყობენ აღიარების ღონისძიებებს, აღნიშნავენ მათ მიღწევებს და წარმატებას. კომპანიაში დაწესებულია ფონდი გაჭირვებაში მყოფი თანამშრომლების დასახმარებლად.
ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვის დროს თანამშრომლები აზიარებენ, თუ რას ფიქრობენ კომპანიაზე, თავიანთ მოვალეობებსა და სარგებელზე, აფასებენ ხელმძღვანელობას.
სასტუმროს მრავალფეროვნების და ინკლუზიის მიზნები მიმართულია ჯანსაღი გენდერული ბალანსის მიღწევაზე კომპანიაში. გარდა ამისა, სასტუმრო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ქვეყანაში არსებულ გაეროს ზოგიერთ სააგენტოსთან დევნილი პირების დასაქმების მიზნით.
პასუხისმგებლობა ბაზარზე
კომპანიის პოლიტიკა ხელმისაწვდომია სტუმრებისთვის, მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის და გამოქვეყნებულია ვებგვერდზე. კომპანია ყოველწლიურად ატარებს საიდუმლო აუდიტს, რათა დარწმუნდეს, რომ სტანდარტები და პოლიტიკა სასტუმროში სათანადოდაა დაცული. აუდიტის შედეგები ეცნობა მენეჯმენტს და სათავო ოფისს და საჭიროების შემთხვევაში იგეგმება შესაბამისი ქმედებები.
სასტუმრო სრულად შეესაბამება შშმ პირების მომსახურების აშშ რეგულაციებს; სამი ოთახი აღჭურვილია ინვალიდის ეტლის მომხმარებლებისთვის.
სასტუმროს მომწოდებლების შერჩევა ხდება მათი სოციალური პასუხისმგებლობის, სამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ. აქ შედის ყველა საწმენდი ქიმიური ნივთიერება, თეთრეული, თავის მოვლის საშუალებები და ა.შ. კომპანია ცდილობს უმეტესად ადგილობრივ ფერმერებთან ითანამშრომლოს, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.
„შერატონი“ მუდმივად ატარებს მომხმარებელთა გამოკითხვებს, რათა შეაგროვოს სტუმრების უკუკავშირი სასტუმროში ყოფნისას მიღებული გამოცდილების და მათი სურვილების თუ შენიშვნების შესახებ. სასტუმროში მოქმედებს საჩივრებისა და პრობლემების სათავო ოფისში გადამისამართების სისტემა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ადგილზე ვერ გვარდება.
საზოგადოების მხარდაჭერა
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა ემსახუროს საზოგადოებას ყველგან, სადაც მუშაობს და ამაში იგულისხმება თანამშრომლების ჩართულობით დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვა, გარემოს დასუფთავება და წელიწადში ორჯერ სისხლის გაღების აქციებში მონაწილეობა.
კომპანიას აქვს მართვის სისტემა, სახელწოდებით "Just Report It", რომელიც საშუალებას აძლევს სასტუმროებს გაგზავნონ შეტყობინება აქტივობების შესახებ შემდეგ კატეგორიებში:
- SERVE 360: მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კეთილსინდისიერი ქცევა, მდგრადობის ხელშეწყობა, ნიჭის აღზრდა და განვითარება და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
- კულტურა: თანამშრომლების ჩართულობით ორგანიზებული ღონისძიებები და კომპანიაში არსებული საყოველთაო პატივისცემის კულტურა; ამაში შედის მრავალფეროვნების ტრენინგი, სემინარი ტრეფიკინგზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
- ურთიერთობა ხელისუფლებასთან: სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების და კანონმდებლობაზე უკუკავშირის მიწოდების მიზნით.