ზღაპარი
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოზარდებს და ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ მზრუნველობა და მხარდაჭერა. სკოლის დამთავრების და სისტემის დატოვების შემდეგ 18 წლის ახალგაზრდებს აქვთ საცხოვრებლის, დასაქმების, პროფესიის შერჩევისა და საკვებზე ზრუნვის პრობლემა.Aამ სამიზნე ჯგუფებთან და ამ პრობლემების გადაჭრაზე საქართველოში ძალიან ცოტა აქტორი მუშაობს.
პრობლემების მოგვარების და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით 2023 წლიდან დაიწყო შპს „ზღაპრის“ და ასოციაცია „ცხოვრების შანსის“ თანამშრომლობა.
კომპანია „ზღაპარმა“ პროგრამის ადგილზე გაცნობისას ნახა, რომ ასოციაცია „ცხოვრების შანსის“ ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენდა პროგრამის ბენეფიციარების საკვებით და ჰიგიენური საშუალებებით სტაბილურად უზრუნველყოფა, ასევე კულინარიისა და კონდიტერიის სასწავლო კურსისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვება.
შპს „ზღაპრის“ გენერალური დირექტორის აქტიური მხარდაჭერით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც „ზღაპარი“ ასოციაციას შეუფერხებლად აწვდის თვეში 2000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. სტაბილური გახდა კულინარიისა და კონდიტერიის სასწავლო კურსებიც, ვინაიდან მათ სტაბილურად აქვთ საჭირო მასალა.
შპს „ზღაპართან“ თანამშრომლობით, 30 ახალგაზრდისთვის შეიქმნა დაცული გარემო. ახალგაზრდები, რომლებიც მთელ დღეს ატარებენ პროგრამაში, ეუფლებიან პროფესიას, ესწრებიან კულინარიისა და კონდიტერიის კურსებს, იძენენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, უზრუნველყოფილი არიან ცხელი, კალორიული და ჯანსაღი საკვებით.
ამ თანამშრომლობის შედეგად:
• პროგრამაში 20-დან 30-მდე გაიზარდა დაინტერესებულ ბენეფიციართა რაოდენობა;
• კულინარიისა და საკონდიტრო მიმართულებით ჩართულია 14 ახალგაზრდა;
• ასოციაციამ დაამატა პურის ცხობის შემსწავლელი კურსი და პროგრამას ადგილზე ექნება ახალგაზრდების მიერ გამომცხვარი პური;
• ახალგაზრდები ასევე სხვადასხვა ობიექტზე დასაქმდნენ.