ეფეს საქართველო - სააქციო საზოგადოება "ლომისი"
„ეფეს საქართველოს“ გამოცხადებული პრიორიტეტია საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული მდგრადი პროექტების განხორციელება. კომპანიის რწმენით, ყველაზე წარმატებული პროექტები სხვადასხვა სექტორთან პარტნიორობით, საერთო რესურსებისა და კომპეტენციების გამოყენებით იგეგმება და ხორციელდება.
„ეფეს საქართველოს“ საქმიანობის მთავარი მიზანია ადგილობრივი თემების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერა.
2011 წელს კომპანია „ეფეს საქართველომ“ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო“ პარტნიორობით. 2011 წლიდან დღემდე ფონდმა გაიღო 1,042,593 ლარი, 660-ზე მეტი ბენეფიციარის განათლების, დასაქმებისა და ფსიქოლოგიური დახმარების დაფინანსების მიზნით.
ბენეფიციარების 90% უკვე დასაქმებულია, 60%-ზე მეტს სტაბილური სამუშაო აქვს. 340 ახალგაზრდამ პროფესიული, ხოლო 72-მა უმაღლესი განათლება მიიღო. 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება შესაბამის ოსტატებთან.
ფონდის რესურსები თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ნაწილდება.
ფონდი „ნატახტრის“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ პროექტი მოიცავს ადვოკატირების კამპანიასაც. სწორედ ამ კამპანიის შედეგად, თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი პროგრამების ბენეფიციართა სიაში მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებიც შეიტანა, ხოლო თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან თბილისში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ტოვებენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის დახმარება ერიცხებათ.