კლიპარტი

კომპანია „კლიპარტი“ დღეს არის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიაჰაბი, რომელსაც შესაბამისი მედიაშესყიდვებისა და მედიაგანთავსების რესურსი აქვს. ბოლო 9 წელია კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორში მოქმედი კომპანიების CSR-პროექტების პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება უფასო ონლაინმედია გაშუქებით და მედიაწარმომადგენლებთან კომუნიკაციის ლობირებით. 

კომპანია „კლიპარტის“ საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა განათლება.

2018 წელს შეიქმნა პროექტი ,,წიგნის კლუბი“, რომლის ფინანსურ და სხვა საჭიროებებს დღემდე კომპანია აკმაყოფილებს. „წიგნის კლუბი“ _ ეს არის საერთო სამუშაო სივრცე და ინტელექტუალური კლუბი, რომელიც დაარსდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში, ძველი ბიბლიოთეკის ბაზაზე. 

კლუბის შექმნის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, განათლებისა და თანამედროვე ინფორმაციაზე წვდომის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

დღეს კლუბს უკვე ჰყავს სხვადასხვა ასაკის 80-ზე მეტი აქტიური წევრი, მათი უმეტესობა სკოლის მოსწავლეა (6-12 კლასელები).

წიგნის კლუბი ადგილობრივი თემისთვის იქცა შეკრების მნიშვნელოვან სივრცედ, სადაც ახალგაზრდები ყოველდღიურად იღებენ და გასცემენ ცოდნას სხვადასხვა საინტერესო თემაზე. აღსანიშნავია, რომ წიგნის კლუბი ამჟამად შეკრებისა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელოვანი ადგილია არა მხოლოდ ჩოჩხათის ახალგაზრდებისთვის, არამედ მეზობელი რამდენიმე სოფლის ახალგაზრდებისთვისაც, რადგან მეზობელ სოფლებში მსგავსი სივრცე არ არსებობს.

კომპანია „კლიპარტი“ პროექტს უკვე 6 წელია ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში პროექტის უწყვეტობა გამოიწვია ახალგაზრდებისგან მიღებულმა  გამოხმაურებამ, რომ წიგნის კლუბი დიდ როლს ასრულებს მათ ყოველდღიურობასა და განათლების მიღების პროცესში.

სააგენტო „კლიპარტი“ აპირებს პროექტის გაგრძელებას. 2024 წლის სამოქმედო გეგმის მთავარი აქტივობაა გურიაში შემოდგომასა და გაზაფხულზე ,,წიგნის ფესტივალის“ ჩატარება, რომლის სამზადისი უკვე დაწყებულია.