სილქნეტი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ (შემდგომში - პროექტი) არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 2018 წელს დააფუძნა სს „სილქნეტმა“. ფონდის მიზანია დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა. ფონდის ბენეფიციარები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში (აფხაზეთსა და სამაჩაბლოში) და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირები.

კომპანიის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისა და მათთვის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. ამის მისაღწევად ფონდი, გაწერილი კრიტერიუმების ფარგლებში აფინანსებს კონკრეტულ საჭიროებებს: ოპერაციებს, სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, პროფესიულ გადამზადებას, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებას და სხვა. ასეთი დახმარებები ვრცელდება ბენეფიციართა ოჯახის წევრებზეც, კერძოდ, მათ არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებზე. ამ დაფინანსების უზრუნველსაყოფად „სილქნეტი“ ყოველწლიურად ფონდისთვის გამოყოფს 300 000 ლარს. გარდა ამისა, ფონდი დაფუძნებისთანავე აქტიურ კომუნიკაციას ატარებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესსექტორთან და მთავრობასთან, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც ფონდს შესდის  შემოწირულობები.

შედეგად, 2018 წლიდან დღემდე „სილქნეტის“, ბიზნესსექტორის და მთავრობის თანადაფინანსებითა და კერძო შემოწირულობებით 2 500 000  ლარამდე თანხა მოგროვდა და დაფინანსდა ასობით ბენეფიციარი. მათ ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები საზღვარგარეთ, მიიღეს აუცილებელი, ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები, დაუფინანსდათ სხვადასხვა პროფილის სასწავლო კურსები და სხვა.

ფონდი ქველმოქმედებისათვის მოძიებულ თანხებს მთლიანად მოახმარს ბენეფიციართა საჭიროებებს. მის ადმინისტრირებაში  ჩართულია „სილქნეტის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, რომლებიც „სილქნეტში“ თავიანთი საქმიანობის განხრით (კომუნიკაციები, იურიდიული და ფინანსური სამსახური და ა.შ.) ემსახურებიან ფონდს, რაც წარმოადგენს CSR-ინიციატივის მაგალითს კომპანიის თანამშრომელთა მხრიდან. საქველმოქმედო საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ ფონდს შემოსავლების სამსახურისგან მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. 

პროექტი შეიქმნა და ხორციელდება სრულად სს „სილქნეტის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით.