თიბისი ბანკი
2023 წლის მარტში თიბისისა და USAID-ს შორის გაფორმდა ოფიციალური თანამშრომლობა, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და ტექკადრების შრომითი ბაზრის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების შექმნასა და პროფესიონალი კადრების ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
პროექტი „TBC X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება და საერთაშორისო პრაქტიკის, კომპლექსური სასწავლო მეთოდოლოგიებისა და რელევანტური რესურსების მობილიზების გზით ქართული ტექნოლოგიური არაფორმალური განათლების სფეროს ინოვაციურ გამოცდილებას სძენს.
პროექტის ზოგადი ჩარჩო მოიაზრებს სფეროს წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, მთელი საქართველოს მასშტაბით 18 წლიდან 800-მდე ინდივიდის მომზადება/გადამზადებას 8 ტექნოლოგიურ მიმართულებაში და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორც თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში, ისე პროექტის პარტნიორ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც ითვალისწინებს მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამებს მართავს თიბისის IT აკადემია, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ტარდება ონლაინრეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
პროექტის დაგეგმვის პროცესშივე განისაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ:
- 9 სასწავლო კურსის შექმნა
- 800-მდე მონაწილის გადამზადება
- 400-მდე მონაწილის დასაქმება
- IOS ლაბორატორიის შექმნა
- სტუდენტთა 30% იქნებიან ქალები და ბენეფიციარები რეგიონებიდან
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო ლაბები, მაგალითად, DevOps on-premise ლაბორატორია, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ასახავს თიბისის DevOps ინჟინრების სამუშაო გარემოს, Cloud-ზე აეწყო კიბერუსაფრთხოების სატესტო გარემო, სადაც სტუდენტები მთლიანად პრაქტიკულად გაივლიან ყველა ნაბიჯს, რასაც ექსპერტები თავდაცვისა და თავდასხმის დროს გადიან.
შეიქმნა IOS პრაქტიკული სასწავლო ლაბორატორია Infinity Lab, რომელიც პროექტის ინოვაციური პროგრამის ნაწილია და ხელს უწყობს კონექტივიზმით სწავლების პრინციპის განვითარებას.
პროექტი “TBC X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის „ GITI 2023“ ფარგლებში გამართულ კონკურსში დაჯილდოვდა ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“.