თეგეტა ჰოლდინგი
ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა არის „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიით. CSR სტრატეგია კომპანიამ წარადგინა 2023 წელს და შესაბამისი სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებით ცდილობს დასახული მიზნების მიღწევას.
დადებითი გავლენის მასშტაბების გასაზრდელად 2023 წელს კომპანიამ მიზნად დაისახა სოციალური საწარმოებისა და სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს გამოიხატა სხვადასხვა ფორმატით, როგორიცაა პრო-ბონო სერვისები, პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები თუ ერთობლივი ინიციატივები, პასუხისმგებლობით შესყიდვები და სხვა.
„თეგეტას“ საზოგადოებაზე ზრუნვა მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს, თუმცა 2023 წელი გამორჩეული იყო კონკრეტულად სოციალური საწარმოებისა და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობებით, კერძოდ, ესაა:
1. პრო-ბონო სერვისი სოცსაწარმოსთვის „ორბის ბუდე“;
2. პრო-ბონო მარათონში მონაწილეობა;
3. პრო-ბონო სერვისი სათემო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებისთვის;
4. სოციალურ საწარმოთა B2B გამოფენის მხარდაჭერა;
5. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება სოცსაწარმო „ბაბალესთან“ ერთად;
6. საინფორმაციო კამპანია „იზრუნე გარემოზე“ ზერო ეფექტთან ერთად;
7. პასუხისმგებლობიანი შესყიდვები სოცსაწარმოსგან „პოტერია“;
8. „თეგეტას“ დონაციის პლატფორმაზე Tegeta.Care 4 ახალი პარტნიორი სოციალური საწარმოს დამატება (ჯამში 10).
პროექტმა Tegeta.Care დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები მოიტანა, თუმცა 2023 წელს მიცემულმა მიმართულებამ, რომელიც მეტწილად ცვლილებების აგენტებზე – სოციალურ საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე – აკეთებს აქცენტს, ბევრად თანმიმდევრული და ხელშესახები გახადა „თეგეტას“ ზრუნვის ინიციატივები.
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწიათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ როგორც ფინანსური რესურსები, ისე პრო-ბონო სერვისები, სფეროს პოპულარიზაცია და ა.შ.
პროექტი ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია და 2024 წლიდან კიდევ უფრო აქტიურად განახორციელებს საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებს. ასევე იგეგმება Tegeta.Care პლატფორმის განახლება, რომელიც მიმართული იქნება მეტი ფინანსური რესურსების მობილიზებისკენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოცსაწარმოებისთვის. იგეგმება პრო-ბონო საქმიანობის უფრო მეტად სისტემატიზაცია ჰოლდინგის შიგნით.