თეგეტა ჰოლდინგი
„თეგეტას“ პრიორიტეტია თანასწორი და არადისკრიმინაციული ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნა. „თეგეტა“ აღიარებს, რომ თანამშრომლები მისი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და მიზნად ისახავს იყოს კომპანია, რომელშიც დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოდ, დაფასებულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვის ინიციატივები ემსახურება თანამშრომლების განვითარების და ჩართულობის უზრუნველყოფას, მათი შრომის აღიარებას და გენდერული თანასწორობის დაცვას.
კომპანია პერიოდულად გამოსცემს „გამოცდილების გზამკვლევს“, რითაც ხელს უწყობს საუკეთესო სამუშაო პრაქტიკის შეგროვება-გაზიარებას; „თეგეტა“ სრულად უფინანსებს თანამშრომლებს მათთვის სასურველ კურსებს Coursera-ს ონლაინპლატფორმაზე; სთავაზობს უცხო ენისა და საოფისე პროგრამების შესწავლის თანადაფინანსებას. პროექტი „სტუმრად თეგეტაში“ ყოველთვიურად მართავს საუბრებს თანამშრომლების მიერ შერჩეულ მოწვეულ სპიკერებთან.
კომპანიაში დანერგილია და მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის და მასზე რეაგირების პოლიტიკა; „თეგეტა“ასევე ჩართულია გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიაში ,,კაცები ზრუნავენ“, რომელიც წარმოაჩენს მამების როლს შვილების აღზრდის პროცესში; „თეგეტას“ რეგიონულ ფილიალებში მიმდინარეობს „მამაკაცური საუბრების“ ციკლი, რომლის მიზანი ოჯახში გენდერული როლების გადანაწილების შესახებ არსებული სტერეოტიპების რღვევაა. 2024 წელს ჰოლდინგში იგეგმება ოჯახთან თავსებადი სამუშაო გარემოს პოლიტიკის დამტკიცება, რომელშიც მამაკაცების დეკრეტული შვებულებაც არის განსაზღვრული.
თანამშრომელთა ჩართულობის წასახალისებლად იმართება შიდა სპორტული ჩემპიონატები, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები. „თეგეტას“ თანამშრომლები აქტიურად ერთვებიან პრო ბონო აქტივობებში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების დასახმარებლად; „ზრუნვის კედლის“ პროექტის მეშვეობით ასრულებენ ხანდაზმულთა და ბავშვთა საახალწლო სურვილებს; რეგულარულად მონაწილეობენ სისხლის უანგარო დონორობის კამპანიებში.
კომპანიაში თანამშრომელთა აღიარების პოპულარული მექანიზმია ე.წ. „ლიდერების ნიუსლეთერი“ – პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ხდება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი და დაწინაურებული მენეჯერების წარდგენა. გარდა ამისა, რეგულარულად მიმდინარეობს ვიდეოსერია, სახელწოდებით „ერთი დღე დეპარტამენტში“, რომლის თითოეული ეპიზოდი ერთი რომელიმე დეპარტამენტის ან ფილიალის სამუშაო პროცესის წარმოჩენას ემსახურება.