პოლივიმი
საქართველოში პლასტმასის ნარჩენების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად „პოლივიმი“ კომპლექსურ ინიციატივას ახორციელებს. 2020 წელს დაწყებული პროექტი ფოკუსირებული იყო პოლიეთილენ ტერეფტალატის (PET) გადამუშავებაზე, ხოლო 2023 წელს ნარჩენების უფრო ფართო სპექტრის დაფარვის მიზნით გაფართოვდა და პოლიპროპილენისა (PP) და პოლიეთილენის (PE) გადამუშავებაც მოიცვა.
პროექტის მთავარი მიზანია გარემოს დაბინძურების შემცირება პლასტმასის გადამუშავების მოცულობის გაზრდისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მეშვეობით. ეს ძალისხმევა მიმართულია აგრეთვე პლასტიკური ნარჩენების დაგროვების და ნედლეულის დეფიციტის სერიოზული პრობლემის მოგვარებაზე, რაც გამოწვეულია არასათანადო ინფორმირებით და გადამუშავების პრაქტიკის არარსებობით.
პროექტის განსახორციელებლად „პოლივიმმა“ ინტეგრირებული მიდგომა გამოიყენა:
- გადამუშავების გაფართოება – კომპანიამ გაზარდა გადამუშავების მოცულობა თიბისი ბანკთან და Enterprise Georgia-სთან პარტნიორობით; თითქმის დასრულებულია შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD).
- მწვანე რევოლუცია – პროგრამამ 70-მდე კომპანიას შესთავაზა ნარჩენების უფასო შეგროვება, ბიზნესებში გადამუშავების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
- ბოთლების შესყიდვის პროგრამა 1-1: ნარჩენების დახარისხების წახალისების მიზნით „პოლივიმი“ იბარებს პლასტმასის ბოთლებს – 1 კილოგრამს 1 ლარად.
- საგანმანათლებლო ინიციატივები: ადრეული ასაკიდან გადამუშავებისა და მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „პოლივიმმა“ საჯარო სკოლებში იმუშავა.
ინიციატივებს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. „პოლივიმი“ ყოველთვიურად დაახლოებით 60 ტონა პლასტმასის ნარჩენს აგროვებს, რის შედეგადაც ეს პლასტმასა აღარ ხვდება ნაგავსაყრელებზე. თიბისი ბანკის, EBRD-ისა და Enterprise Georgia-ს ფინანსურმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ნარჩენების გადამუშავების გაფართოებას. გადამუშავებული PET-ის 98% მიდის ექსპორტზე, ხოლო PP და PE მასალების 80%-ს გამოიყენებენ ადგილობრივი მწარმოებლები, რაც ხელს უწყობს ცირკულარულ ეკონომიკას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
„პოლივიმის“ მიდგომა სტრატეგიულიცაა და საზოგადოებაზე ორიენტირებულიც. გადამუშავების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლით კომპანიამ მიაღწია პროგრესს პლასტმასით დაბინძურებისა და ნედლეულის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში. ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გარემოზე ზრუნვის კულტურისა და მდგრადი პრაქტიკის პოპულარიზაციაში.