შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ განახორციელა მდგრადობის კომპლექსური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოზე ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირებას. სასტუმროს სტრატეგია რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა: პლასტმასის გამოყენების აღმოფხვრა, საკვების ნარჩენების მართვა, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება და დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებში.
პლასტმასისგან გათავისუფლების მიზნით სასტუმრომ პლასტმასის ბოთლები მინის ბოთლებით ჩაანაცვლა და მინიმუმამდე დაიყვანა სააბაზანო ოთახებში მცირე ზომის პლასტმასის ბოთლების გამოყენება დიდი ზომის დისპენსერებზე გადასვლით. ოთახებში დამონტაჟდა გადამუშავების ყუთები, ხოლო პლასტმასის კალმები ფანქრებით ჩანაცვლდა. ოფისის და სპორტდარბაზის წყლის დისპენსერებში მინის ბოთლები გამოიყენება, სტუმრებს შეუძლიათ მოითხოვონ ქაღალდის საწრუპავი მილაკები.
სასტუმრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მდგრადი შენობის და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების მიმართულებით. კომპანიამ დაამონტაჟა მზის პანელები, რომლებიც გამოიმუშავებენ 2000-იდან 16000 კილოვატამდე ელექტროენერგიას; განათების ენერგოეფექტური სისტემები, შენობის თბოიზოლაცია, გათბობის და გაგრილების ავტომატური სისტემები ხელს უწყობენ ენერგორესურსების დაზოგვას.
ინიციატივების განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პარტნიორებმა. მაგალითად, E-Space-თან თანამშრომლობით, ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, სასტუმრომ ელექტრომანქანებისთვის სწრაფი დამტენები დააყენა. ადგილობრივ გადამამუშავებელ კომპანიებთან „პოლივიმთან“ და „კერესთან“ თანამშრომლობით ხდება პლასტმასის და მინის ნარჩენების მართვა.
2023 წელს სასტუმრომ შეამცირა შამპუნის პლასტმასის ბოთლების გამოყენება 47,200-იდან 4,032-მდე და 18 ტონა პლასტმასა ჩააბარა გადასამუშავებლად. მზის პანელების მეშვეობით ელექტროენერგიის 16,000 კილოვატი გამომუშავდა. გადამუშავდა მინის ნარჩენების 12 ტონა და ელექტრონული ნარჩენების 100 კილოგრამი, ხოლო 656 ლიტრი გამოყენებული ზეთი გარდაიქმნა ბიოდიზელად.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის წახალისებით სასტუმრო ცდილობს თანამშრომლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი ქცევების ინტეგრირებას, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან სარგებელს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
სასტუმროს საკმაოდ ამბიციური სამომავლო მიზნები აქვს, მათ შორისაა ნულოვანი ემისიები 2050 წლისთვის, წყლის ნაკადის ინტენსივობის 15%-ით შემცირება და საკვები ნარჩენების განახევრება.