დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო“
„ირაომ“ 3 წლის წინ დაიწყო პროექტი „დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე!“ , რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას – გარემოს დაცვას ემსახურება. პროექტი კომპანიის გრძელვადიანი CSR სტრატეგიის ნაწილია და მისი მიზანია გარემოსდაცვითი ქცევის შეცვლა და ცნობიერების ამაღლება, მწვანე ოფისის შექმნა, ნარჩენების სწორი მართვა.
პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო 2021 წელს და აქტივობები ხორციელდება ყოველწლიურად. „ირაოს“ მდგრადი განვითარების პროექტი 2023 წელს მოიცავდა შემდეგ ინიციატივებს:
გარემოს დაცვის სუპერგმირები – სახალისო და ინტერაქციული „მწვანე გაკვეთილები“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.
გარემოს დასუფთავება – „ირაოს“ თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ტერიტორიის მავნე ნარჩენებისგან დასუფთავება.
ეკო შეჯიბრი – „ირაომ“ ყველაზე მასშტაბური ეკომარათონი გამოაცხადა თანამშრომლებს შორის, რომელშიც „ირაოს“ 300-მდე თანამშრომელი ერთი თვის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას.
პროექტის გარკვეული ინიციატივები არასამთავრობო ორგანიზაციებთან - CENN-სა (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელი) და „სადაგთან“ (საქართველოს დამლაგებელთა გილდია) თანამშრომლობით განხორციელდა.
გარემოსდაცვითმა ინიციატივებმა „ირაოს“ ყველა ოფისსა თუ სერვისცენტრში პლასტმასის გამოყენება მკვეთრად შეამცირა. ნაგვის ურნების ოპტიმიზაციის შედეგად შემცირდა პოლიეთილენის პარკების მოხმარება, წელიწადში 33 120 ერთეულით. 2023 წელს განხორციელებული ერთთვიანი ეკოშეჯიბრის ფარგლებში „ირაოს“ თანამშრომლებმა სულ ჩააბარეს 900 კგ მეორადი ქაღალდი, 100-მდე ბატარეა და 300 კგ მეორადი პლასტმასა; 11 სკოლაში ჩაატარეს ეკომეგობრული გაკვეთილები; დაასუფთავეს 21 ტერიტორია 6 რეგიონში; აქტიურად დაიწყეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და გამოუსადეგარი ნივთების მეორადი გამოყენებით შექმნეს შესანიშნავი არტობიექტები.
„ირაო“, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანია, სრულად იზიარებს ჯგუფის გამოცდილებას და ღირებულებებს. „ირაო“ 2018 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ გარემოს დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების მინიმიზაციას. 2022 წლიდან „ირაო“ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს ცალკეული ტერიტორიების მავნე ნარჩენებისგან დასუფთავების ღონისძიებებში, თანამიმდევრულად ატარებს საოფისე სივრცეში პლასტმასისა და პოლიეთილენის ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანისკენ მიმართულ ღონისძიებებს და შთამბეჭდავ შედეგებს აღწევს.