ეიპიემ ტერმინალს ფოთი - სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"

პლასტმასის წარმოება მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. A.P. Moller – Maersk ჯგუფმა მიზნად დაისახა საქმიანობის პროცესში მინიმუმამდე დაიყვანოს არასაჭირო პლასტმასის გამოყენება. ამ სტრატეგიის ფარგლებში „ეიპიემ ტერმინალსი“ პროაქტიულად ცდილობს შეამციროს პლასტმასის ნარჩენები და ხელი შეუწყოს კორპორაციულ მდგრადობას. 2022 წელს კომპანიამ შეიძინა 1,132,000 ერთჯერადი ჭიქა და 29,100 პლასტმასის ბოთლი. ერთჯერადი ჭიქებისა და წყლის ბოთლების ასეთი მაღალი მოხმარების კვალდაკვალ, პრობლემის გაანალიზებისა და მისი მოგვარების მიზნით შეიქმნა მყისიერი რეაგირების გუნდი.

2023 წლის აპრილ-აგვისტოში „ეიპიემ ტერმინალსის“ მწვანე ინიციატივა მიზნად ისახავდა პლასტმასის ჭიქების გამოყენების 100%-ით, ხოლო ბოთლების გამოყენების 70%-ით შემცირებას და წყლის გამანაწილებლების ოპტიმალურ განთავსებას. გატარებული ღონისძიებები მოიცავდა ერთჯერადი ჭიქებისა და ბოთლების მრავალჯერადი მოხმარების ლითონის პერსონალური ბოთლებითა და ქაღალდის ერთჯერადი ჭიქებით ჩანაცვლებას, შეხვედრების ოთახებისთვის მინის ჭურჭლის შეძენას. დამატებით, სოციალური მედიისა და თანამშრომლებთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით, გუნდი აქტიურად ჩაერთო ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის კორექტირებაზე მიმართული კამპანიის განხორციელებაში.

ინიციატივის შედეგად, მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი და ჭიქა აღარ მოხვდა ნარჩენებში. კომპანიის პროაქტიულმა მიდგომამ, რომელიც აერთიანებდა შიდა კომუნიკაციას, თანამშრომელთა ჩართულობასა და ალტერნატიული ჭურჭლით უზრუნველყოფას, ორგანიზაციული კულტურა მდგრადობის მიმართულებით შეატრიალა. 

„ეიპიემ ტერმინალსი", როგორც მსხვილი ორგანიზაცია, იმთავითვე გამოირჩეოდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით. „ეიპიემ ტერმინალსის" მდგრადი განვითარების სტრატეგია შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების ოთხ მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, გენდერული თანასწორობის მიღწევასა და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას. კომპანია ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებას, მხარს უჭერს მცირე მეწარმეობის განვითარებას და წვლილი შეაქვს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებაში.