GREEN ENERGY

მსოფლიოში, მოსახლეობის  ზრდასა და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიებასა და სრულად ათვისებას. „Green energy“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც 2017 წლიდან მზის ელექტროსადგურების პროექტირება და მონტაჟი დაიწყო.

2023 წელს კომპანიამ წამოიწყო საგანმანათლებლო პროექტი „მომავალი განახლებად ენერგიაშია“, რომელიც მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. საწყის ეტაპზე შეირჩა სამიზნე ჯგუფი – მსხვილი და საშუალო საწარმოები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 26 ივნისს გაიმართა, „Green energy“-ს წარმომადგენლები დეტალურად უხსნიდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს, თუ რა ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს მოუტანს მათ განახლებადი ენერგიის გამოყენება,    რა ეტაპები უნდა გაიაროს საწარმომ ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის მისაღწევად.

მეორე სეგმენტია მომავალი თაობა – სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. სწორედ მათთვის შექმნეს „Green energy“-ს წარმომადგენლებმა  გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის ათვისებას და ახალგაზრდების დაინტერესებას. მოსწავლეებსა და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები სისტემატურია და მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის შედეგად სამმა მსხვილმა საწარმომ დაიწყო მზის ენერგიის გამოყენება. სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აქვს ინფორმაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების მნიშვნელობის, მზის პანელების მუშაობის პრინციპებისა და მისი სარგებლიანობის შესახებ.

კომპანია „Green energy“ კვლავაც განაგრძობს გარემოზე ზრუნვასა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას. 2023 წელს კომპანიის ეკომეგობრული საქმიანობის შედეგად 1928 ტონა CO2-ს წარმოქმნა იქნა თავიდან აცილებული.