ჰილტონ ბათუმი

პროექტის ფარგლებში კომპანიამ სასტუმროში ნარჩენების დასახარისხებელი მარკირებული კონტეინერები და მცირე ზომის 4-სექციანი ურნები განათავსა, შეიძინა და დაამონტაჟა ქაღალდის ნარჩენების გადამამუშავებელი (დასაპრესი) დანადგარი. ნარჩენების დახარისხების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად წარიმართა აქტიური საინფორმაციო კამპანია და ჩატარდა სპეციალური სემინარი. „ჰილტონის“ გენერალურმა მენეჯერმა პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადასცა ბათუმში არსებული სხვა სასტუმროების მენეჯერებს, რათა მათაც შეძლონ ანალოგიური ინიციატივის განხორციელება.

„ჰილტონი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც „მწვანე“ კონცეფციით ხელმძღვანელობს. პროექტის შედეგად, მეორადი მოხმარებისთვის უკვე დაიპრესა 2 ტონამდე ქაღალდის ნარჩენი; თანამშრომლები ახარისხებენ ნარჩენებს; შემცირდა ნარჩენების და გასატანი ნაგვის რაოდენობა; მოწესრიგდა ნარჩენების განთავსების ტერიტორია. „ჰილტონის“ ევროპულ ქსელში გაიზიარეს „ჰილტონ ბათუმის“ მაგალითი, როგორც გარემოს შენარჩუნებაზე მიმართული საუკეთესო პრაქტიკა. „ჰილტონი“ განაგრძობს პროექტის განხორციელებას და აქტიურად მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, რომ მიბაძონ მის მაგალითს.

 

„ნარჩენების სეპარაცია „ჰილტონ ბათუმის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ამასთან, დედამიწის დაცვაში წვლილის შეტანა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.

ტორსტენ ველერი
გენერალური მენეჯერი