პალიტრა მედიაჰოლდინგი
მწვანე ეკონომიკა „პალიტრა მედიაჰოლდინგის“ მუდმივი სტრატეგიაა. 2012 წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე კომპანიამ წიგნის მოყვარულებს შესთავაზა პროექტი „მაკულიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს შეეძლო ჩაბარებული მაკულატურის ნაცვლად ახალი წიგნების მიღება. სამდღიანი პროექტის განმავლობაში შეგროვდა 125 ტ. მაკულატურა, რამაც გადააწყვეტინა ჰოლდინგს პროექტი გაგრძელებულიყო და უწყვეტი სახე მიეღო – თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაიხსნა მაკულატურის ჩაბარების მუდმივმოქმედი პუნქტი, მოგვიანებით კი პროექტმა რეგიონებიც მოიცვა.
„მაკულიტერატურის“ პროექტი რამდენიმე სასარგებლო საქმეს ემსახურება: წიგნს ხდის ხალხისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და თანაც იცავს გარემოს. 6 წლის განმავლობაში „პალიტრა მედიაჰოლდინგის“ აქტივობამ 5 მილიონი კგ. მაკულატურა უახლეს ლიტერატურად აქცია და ამით 85,000 ხე გადაარჩინა მოჭრას.
ჰოლდინგი ახლო მომავალში „მაკულიტერატურის“ მასშტაბების გაზრდას გეგმავს და ამით უფრო მეტი ხის გადარჩენას.