რედბერი
მესამე პირთა უმოქმედობის წარმოსაჩენად კამპანიამ ცალსახა მეტაფორა – თვალების დახუჭვა – გამოიყენა. გზავნილი იყო მარტივი: თუ თვალებს დახუჭავ, ძალადობა გაგრძელდება; ძალადობის შეჩერების ერთადერთი გზაა პრობლემისთვის თვალის გასწორება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებპლატფორმა, რომელიც ვიდეოთვალის საშუალებით მონიტორის მიღმა მყოფი მომხმარებლის თვალების დახუჭვა-გახელას აფიქსირებდა. როდესაც მაყურებელი თვალებს ხუჭავდა, ეკრანზე ირთვებოდა ძალადობის კადრები; მაყურებელს ამ დროს ესმოდა ძალადობის ხმები ისე, თითქოს ისინი გვერდზე მეზობლის სახლიდან გამოდიოდა. როდესაც ადამიანი თვალებს ახელდა, ძალადობის კადრები ჩერდებოდა, ხოლო ვებგვერდი მოუწოდებდა მომხმარებელს აღარასდროს დაეხუჭა თვალი ძალადობაზე და საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დაეფიქსირებინა.
კამპანიას მოჰყვა აქტიური გამოხმაურება და განხილვა სოცმედიაში. ათასობით ადამიანი იზიარებდა ფეისბუკის პროფილზე გზავნილს: „მე აღარ დავხუჭავ თვალებს ძალადობაზე“. კამპანიის შემდეგ ცხელ ხაზზე 500%-ით გაიზარდა როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ისე მოწმეთა ზარების რაოდენობა.