თიბისი ბანკი
პროექტი “წერე ქართულად” დაიწყო 2015 წელს და დღემდე მიმდინარეობს. ეს არის ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში ინტეგრირების რამდენიმე ინიციატივის ერთობლიობა, რომლის მიზანია ქართული ანბანისა და დამწერლობის პოპულარიზაცია და მათი მოხმარების სტიმულირება ციფრულ სივრცეში. შესაბამისად, “თიბისი ბანკმა” სამი მიმართულებით დაიწყო მუშაობა: 1. ქართულად წერის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ყურადღების გამახვილება; 2. დიგიტალური შრიფტების განვითარების ხელშეწყობა და 3. “მაიკროსოფტთან” თანამშრომლობით ქართული ანბანის და ენის საერთაშორისო ონლაინსივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
პროექტის ძირითადი სამიზნეები არიან საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები. პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი; ჩატარდა ფონტების პირველი კონკურსი, რომლის შედეგად გაციფრულდა 13 ახალი ქართული შრიფტი და 50-ზე მეტმა ადამიანმა სრულიად უფასოდ ისწავლა ახალი პროფესია – ფონტის ინჟინერია; ამ მიმართულებით ჩატარდა საჯარო ლექციები.
ამასთანავე, “მაიკროსოფტთან” ერთად შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა – www.kartulad.ge, რომლის ფარგლებში ნათარგმნი წინადადებების რაოდენობა მალე 100000-ს გასცდება. შემდეგ მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა დაიწყებს ქართული ენის „შესწავლას“, რათა მოხდეს ენის სრული ინტეგრაცია თანამედროვე ონლაინსამყაროში. “მაიკროსოფტს” საბას ელექტრონული წიგნებიდან დამატებით გადაეცა 3 მილიონამდე წინადადების ბაზა.
გარდა აღნიშნული შედეგებისა, კამპანიის დამსახურებაა, რომ ქართულ ენაზე კომუნიკაციის 65% უკვე ქართული ანბანით მიმდინარეობს. ჰეშტეგი #წერექართულად უკვე 400,000-ზე მეტჯერ გამოიყენეს.