ი-სპეისი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა:

„ი-სპეისის“ საქმიანობის განმსაზღვრელია, რადგან ორგანიზაციის მთავარი მიზანი შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებაა. ამის მისაღწევად კომპანია ავითარებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს და  საზოგადოებაში ინფორმაციას ავრცელებს, რათა ადამიანებს  გარემოს დასაცავად რაღაცის გაკეთების მოტივაცია გაუჩნდეთ. კომპანიის ინიციატივით დამტენების მოხმარება საზოგადოებისთვის უფასოა და უფასო იქნება შემდეგი წლის განმავლობაშიც, რადგან კომპანიას სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება გამოსცადოს ეს მომსახურება და გაუჩნდეს გარემოს დაცვაში მონაწილეობის სურვილი. კომპანიამ განგებ თქვა უარი კომერციალიზაციაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში გარემოს დაბინძურების შემცირებაში შეტანილი წვლილს დიდი მასშტაბი ვერ ექნებოდა.

საინფორმაციო ბლოგის და სოციალური ქსელის გამოყენებით ორგანიზაცია აქტიურად აწარმოებს კამპანიას #მეტიჟანგბადიქალაქს და მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას გარემოსდაცვით საკითხებზე; კამპანიის მიზანია დაანახოს ადამიანებს, რამდენად მომგებიანია ელექტრომანქანის და განახლებადი ენერგიის გამოყენება გრძელვადიან პერიოდში.

ორგანიზაციამ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა ვიდეო, სადაც დასაბუთებულია ელექტრომოპედების უპირატესობა საწვავზე მომუშავე მოპედებთან შედარებით, რომელთა გამონაბოლქვიც გარემოსთვის არანაკლებ საზიანოა, ვიდრე სატვირთო მანქანისა.

კომპანია თანამშრომლობს  „ჰელიოს ენერჯი ჯორჯიასთან“, რომელიც საქართველოში მზის ენერგიის ელექტროსადგურებს ნერგავს. „ჰელიოს აკადემიაში“, რომელმაც ოქტომბრიდან პირველი მსმენელები მიიღო, „ი-სპეისი“ მსმენელებს განახლებადი ენერგიის წყაროების და ეკომეგობრული ტრანსპორტის შესახებ ესაუბრება.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ:

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში სულ 4 ადამიანი მუშაობს, ისინი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. კომპანიაში საქმიანი შეხვედრებისა თუ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვის პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის წვლილი და მოსაზრება.

ორგანიზაცია უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთი თანამშრომლის სულ მცირე პრობლემასაც კი და ერთიანი გუნდით ცდილობს გადაწყვეტილებამდე მისვლას.

თანამშრომლებს აქვთ უფლება დაესწრონ ნებისმიერ საგანმანათლებლო-თემატურ ღონისძიებას სამუშაო დროის ხარჯზე, თუ ეს მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მომავალში ორგანიზაცია აპირებს მეტი დრო დაუთმოს თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვას, რისთვისაც გეგმავს ე.წ teambuilding-აქტივობებს და გაყიდვების მენეჯერისთვის ბონუსების სისტემის შემუშავებას.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში:

„ი-სპეისის“ მომწოდებლები არიან საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის ისეთი მსხვილი ბრენდები, როგორიცაა KEBA, ABB, UNU და ა.შ. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა ხორციელდება მომწოდებლებთან წინასწარი შეთანმებით, რაც ეხმარება „ი-სპეისს“ პარტნიორი კომპანიების ნდობის შენარჩუნებაში.

კომპანიისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლების საჩივრები. საჩივრის დაფიქსირება ხდება სოციალური მედიის ან სატელეფონო ზარის საშუალებით. როგორც წესი, პრობლემა უკავშირდება მობილური აპლიკაციის ან დამტენის გამოყენებას და მარტივად გვარდება. კომპანია ყოველთვის ინარჩუნებს კეთილგანწყობას და გაწონასწორებულად პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ პრეტენზიას.

კომპანია აგრეთვე ყურადღებით უსმენს მომხმარებლის რჩევებს და სურვილებს; ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის სურვილით და რეკომენდაციით მობილურ აპლიკაციაში მომხდარა დამატებითი ფუნქციის ინტეგრირება.

პარტნიორ კომპანიებს, რომელთა ავტოსადგომზე მონტაჟდება დამტენები,  დამატებითი სარგებელიც აქვთ — მათ ამატებენ აპლიკაციაში არსებულ რუკას და, შესაბამისად, ავტომობილების დატენვით დაინტერესებული მომხმარებლები მათ უფრო ხშირად სტუმრობენ.