მიხეილ მირზიაშვილი

განვითარების და დემოკრატიის ცენტრი (CDD), გამგეობის თავმჯდომარე, საქართველო

 

მიხეილ მირზიაშვილი სამოქალაქო სექტორში თითქმის სამი ათეული წელია საქმიანობს. იგი მუშაობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის, დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების თემებზე. გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ადვოკატირების პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სკოლაში (ნიუ-იორკი, აშშ). არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გზამკვლევისა და ნაშრომის „საქართველო-ევროკავშირის 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულება. სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“ თანაავტორი. ასევე, გზამკვლევის „ევროკავშირის შესახებ“ თანაავტორი.


მიხეილ მირზიაშვილს აქვს ევროკავშირში მოქმედი საერთაშორისო, სამშვიდობო ორგანიზაციაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. არჩეული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრად (2012–2013). სამოქალაქო სექტორის ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის შემუშავებაში. მონაწილეობდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოს მოქალაქეებს ინფორმირების სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ ინიცირებულ კამპანიაში. 2005–2009 წლებში, როგორც ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერი, ხელმძღვანელობდა თავისივე ინიცირებულ პროექტს „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“.


1992 წელს, მეგობრებთან ერთად, დააფუძნა „სტუდია რე“ – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც დღემდე ტელემედიის საშუალებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.


2019 წელს კიდევ სხვა ათ სამოქალაქო ლიდერსა და აქტივისტთან ერთად დააფუძნა ააიპ „სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის“ – ინოვაციური, კრეატიული და დინამიკური სივრცე, რომლის მისიაა მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, სექტორებსა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის სტიმულირება ეფექტიანი გადაწყვეტების პოვნა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.