ელენ კოენი
საკონსულტაციო კომპანიის „Beyond Business“ დამფუძნებელი და დირექტორი, ისრაელი
ელენ კოენს აქვს ბიზნესისა და მდგრადობის მართვის 30-წლიანი გამოცდილება, აქედან რვა წლის მანძილზე იგი იყო ევროპაში Procter and Gamble-ის მოწოდების ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი და რვა წელი – Unilever-ის ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი.
2005 წლიდან ელენ კოენი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს სტრატეგიული განვითარებისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში. იგი ასევე არის გამოცდილი ტრენერი. ელენს აქვს საკუთარი ბლოგი, რომელზეც მუდმივად წერს CSR-ისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების შესახებ, ხშირად არის კონფერენციების თავმჯდომარე და მომხსენებელი, აგრეთვე სამი წიგნის ავტორია მდგრადი განვითარების საკითხებზე.
ელენ კოენი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საკონსულტაციო ორგანიზაციისა „Beyond Business“, რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების მიმართულებით, კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: CSR და მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, არსებითი ზეგავლენების ანალიზი, მდგრადი განვითარების ანგარიშგება.
„Beyond Business“-ი განსაკუთრებით გამოირჩევა ექსპერტიზით მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში; 2007 წლიდან ორგანიზაცია 135 ანგარიშის მომზადებაში დაეხმარა საკუთარ კლიენტებს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.
2017 წელს ელენ კოენი დაასახელეს „Trust Across America“-ს სანდო ბიზნესის 100 ყველაზე გავლენიან სპეციალისტს შორის და დააჯილდოვეს ცხოვრების მანძილზე მიღწეული წარმატებებისათვის. 2018 წელს კი „Onalytica“-მ იგი მსოფლიოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა (ტოპ 20-ეული).