ვიქტორ ბარამია

ვიქტორ ბარამიას აქვს განვითარების საკითხებზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება. 2019 წლის მარტში იგი უფროსი პროგრამის მენეჯერის რანგში დაბრუნდა ევროპის ფონდში, სადაც 2008 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ბოლომდე მუშაობდა. ევროპის ფონდში, როგორც პროგრამის უფროსი მენეჯერი, იგი კვლავ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე მუშაობს. წლების განმავლობაში იგი ფონდში უძღვებოდა სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს, საჯარო ფინანსების ხარჯვის სამოქალაქო ზედამხედველობის, სოციალური მეწარმეობის, კორპორაციული სოციალური ინვესტირებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ეკოლოგიური გრანტების პროგრამის, ტურიზმის განვითარებისა და სხვა სფეროებში.

2016 წლის სექტემბრიდან ვიქტორ ბარამია სათავეში ჩაუდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სტუ) და BP საქართველოს ერთობლივ პროექტს, რომელიც დააფინანსა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ და რომელიც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნის გზით ემსახურებოდა პროფესიული განათლების განვითარებას. ცენტრი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს თანამედროვე პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. 2018 წლის ნოემბრიდან, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ვიქტორი ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრს, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც საუნივერსიტეტო ცენტრი.

მას აგრეთვე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება: იგი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მუშაობა დაიწყო 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ.

ვიქტორი წლების მანძილზე მუშაობდა კონსულტანტად სხვადასხვა პროექტში გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. იგი მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამისა და მისი შემდგომი ანგარიშების, აგრეთვე ადამიანური განვითარების ანგარიშისა და ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშების მომზადებაში თბილისისა და საქართველოსთვის.