Meliora-ს დაჯილდოების ღონისძიება 19 მაისს გაიმართება
2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. როგორც იცით, წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება და კომპანიებს იმ პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გასამკლავებლად განხორციელებული პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან: თანამშრომელთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა, საზოგადოების მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის სპონსორია კომპანია Moore ABC.
Meliora 2020 ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.