განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებთან და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. კანონპროექტის მიერ, საქართველოს ათასობით მოქალაქის  უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადება საბჭოური ტერორის ანალოგია. ეს უდიდესი შეურაცხყოფაა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში მომუშავე უამრავი პატიოსანი მოქალაქისა, რომლებიც წლებია თავიანთი საქმიანობებით საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებას ემსახურებიან.

ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან მომდინარე უდიდესი საფრთხეებისა და მნიშვნელოვანი შიდა პრობლემების ფონზე უწევს არსებობა. ამ მდგომარეობაში, ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი მიზანი მოსახლეობის მაქსიმალური გაერთიანება, წარმოქმნილი უთანხმოებების დიალოგისა და კონსენსუსის გზით გადაწყვეტა და მთელი ეროვნული ენერგიის ქვეყნის გადარჩენისა და სტაბილური განვითარებისაკენ წარმართვა უნდა იყოს.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციირება და მის მხარდასაჭერად წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანია კი საკუთარი მოქალაქეებისაგან მტრის ხატს ქმნის, სტიგმატიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზაციას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, სამოქალაქო მშვიდობას კი დიდ საფრთხეს უქმნის.  

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღეს ჩვენი ქვეყანა უაღრესად საპასუხისმგებლო ეტაპზე იმყოფება, და ამ დროს, საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მათი მხარდაჭერის მოტივებსა და აქედან გამომდინარე, მათ მიერ მხარდაჭერილი პროგრამების საჭიროებაზე, ჩვენი ევროპული მომავლის გზიდან გადახვევას ნიშნავს. 

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, გამოავლინონ ურყევი პირადი სიმტკიცე და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის  ევროპული კურსის შესანარჩუნებლად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვის პროცესი და მოახდინოს მისი უკან გაწვევა.

ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპულია.

კი ევროპას!  არა რუსეთს!