‘პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2022’ განაცხადების მიღება დასრულდა
‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2022’ განაცხადების მიღება 2 თვეზე დიდხანს მიმდინარეობდა და წლევანდელ წელს მონაწილე კომპანიათა ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა.
Meliora 2022-ის კონკურსში 60-მდე კომპანიამ ჯამში 87 CSR პროექტი წარადგინა.
შემოსულ განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლებს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სპეციალური ჟიური. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება კი გაზაფხულზე გაიმართება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თითოეულ კატეგორიაში, გამარჯვებულები როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო კომპანიებიდან გამოვლინდებიან.
კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი პროექტები კონკურსის შემდეგი კატეგორიებისათვის მოერგოთ, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად თემას მოიცავს:
- მწვანე ინიციატივა
- პასუხისმგებელი დამსაქმებელი
- კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე
- საზოგადოების მხარდაჭერა
- სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა
- წლის CSR-მენეჯერი
- გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე(მოცემული კატეგორია ცხადდება საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოსთან (BARTA) თანამშრომლობით)
გარდა ამისა, ბიზნესკომპანიებმა განაცხადი კონკურსის მთავარ ჯილდოზე - გრანპრიზეც გააკეთეს.
‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora’ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ტარდება. კონკურსის ორგანიზატორია ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი’ (CSRDG).