საქართველოს ბანკი

განათლების ხელშეწყობა “საქართველოს ბანკის” სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს და მოიცავს: სასტიპენდიო პროგრამებს; ახალგაზრდული, ინოვაციური სამეწარმეო პროექტების დაფინანსებას; უფასო  დისტანციური სწავლების ონლაინპლატფორმების შექმნას; სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ინტერნეტის წვდომის დაფინანსების ხელშეწყობას და სხვა. “საქართველოს ბანკის” საგანმანათლებლო პროექტების შედეგად 100 სოციალურად დაუცველი აბიტურიენტი უფასოდ მოემზადა ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის, ხოლო 600-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ესწავლა საქართველოს, ევროპის და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რათა შემდეგ მიღებული განათლება ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მოახმარონ.

სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ბანკს შექმნილი აქვს ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა _ https://donate.ge, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს სხვისი დახმარების, კერძოდ კი, ნივთების უსასყიდლოდ გაცემის ან სასურველი ოდენობის თანხის სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ერთჯერადად ან ყოველთვიურად გადარიცხვის შესაძლებლობას. პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და საორგანიზაციო საქმიანობა ბანკმა თავის თავზე აიღო, რითაც უზრუნველყო ბენეფიციარების რაოდენობისა და შეგროვებული ნივთების უპრეცედენტო ზრდა. პლატფორმის მეშვეობით 7 საქველმოქმედო ფონდში ერთჯერადად ან ყოველთვიურად ირიცხება თანხა; 800-მდე დონორი დაუკავშირდა 1900-მდე ბენეფიციარს და 70,000-ზე მეტი ნივთი შეგროვდა.

შშმ პირებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიმართულებას “საქართველოს ბანკი” 2014 წლიდან აფინანსებს. 2018-2019 წლებში აქტიურად გაგრძელდა შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა: საერთო ჯამში, დამოუკიდებელი გადაადგილებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის 600-მდე შშმ პირს გადაეცა ეტლი, შეიქმნა 15 სოციალური საწარმო და საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20-ზე მეტი პირი დასაქმდა, რათა მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და დაამარცხონ შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმა.