კოკიტო
სოციალური საწარმო „კოკიტო“ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გაერთიანებული გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის სათამაშოებსა და ნივთებს ამზადებს.
„კოკიტოს“ მთავარი სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული პირების, ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარება-მომზადება, სათამაშოების წარმოებაში მათი დასაქმება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის ხელშეწყობა.
საწარმო დაფუძნებულია ავეჯის საწარმოს ბაზაზე და ამ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებით ამზადებს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო, გამძლე, მრავალჯერადი გამოყენების სათამაშოებს. მათი ძირითადი პრინციპია ნარჩენების შემცირება, გადამუშავება და უნარჩენო წარმოება.
საწარმოში დანერგილია ISO 9001 ხარისხის და მენეჯმენტის სტანდარტი და ასევე სათამაშოების სტანდარტი - სტანდარტი EN 71, დამონტაჟებულია მტვრის გამწოვი სისტემები. წელიწადში 2-ჯერ ტარდება თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა, საკუთარი ძალებით ცდილობენ განავითარონ თანამშრომელთა უნარ-ჩვევები, ცდილობენ დაეხმარონ უმუშევარ და მარტოხელა დედებს, აძლევენ სახლის პირობებში შესასრულებელ სამუშაოს, ეხმარებიან გამოუცდელ ახალგაზრდებს ხელობის შესწავლასა და დასაქმებაში. საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ დარჩნენ საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ საძინებელ ოთხებში უფასოდ.
2023 წელს „კოკიტომ“ გახსნა მაღაზია და საბავშვო განმავითარებელი სივრცე, სადაც ასევე ტარდება განმავითარებელი სემინარები და უშუალოდ აკვირდებიან პროდუქტის გამოყენების ყველა ეტაპს. სათამაშოს დაზიანების შემთხვევაში, ყოველთვის ხდება კლიენტის საჭიროების დაკმაყოფილება. ასევე ხდება არასასურველი შენაძენის უკან დაბრუნება.
სოციალურ საწარმო „კუბთან“ ერთად ატარებენ უფასო სემინარებს ბავშვებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას. ეხმარებიან ადრეული განვითარების ცენტრებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის იქმნება და უსასყიდლოდ უგზავნიან განმავითარებელ სათამაშოებს.
„კოკიტო“ - ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო, რომელსაც თავისი საქმიანობით ბევრი სიკეთე მოაქვს და წარმატებული მაგალითია ამ ტიპის ბიზნესისთვის.