საქართველოს ბანკი

"ბიზნესისთვის შეუძლებელია საქმიანობა გარემოსგან  იზოლირებულად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბიზნესმა აიღოს მეტი  პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების განვითარებისთვის, რომელსაც ემსახურება. ჩვენ მიზანია, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა საერთო ძალისხმევით შევძლოთ საუკეთესო შედეგების მიღწევა და მეტი სარგებელი და სიკეთე მოვუტანოთ საზოგადოებას". არჩილ გაჩეჩილაძე; გენერალური დირექტორი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: „საქართველოს ბანკის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაზღვრავს მიზნებს, სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომლებსაც ბანკი ნერგავს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისა და უფრო მწვანე, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ბანკის გარემოსდაცვითი პოლიტიკა ეფუძნება 12 ძირითად პრინციპს, კერძოდ: გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაციას; კლიმატის ცვლილების შერბილებას; მდგრად დაკრედიტებას; გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას;  გარემოსდაცვით შემოწმებას;  საოპერაციო ემისიების შემცირებას;  ნარჩენების მართვას; მდგრადი მიწოდების ჯაჭვს;  დაინტერესებული მხარეების ჩართულობას; ინფორმაციის გამჟღავნებასა და ანგარიშგებას; განათლებასა და ჩართულობას; მუდმივ გაუმჯობესებას.

გარემოზე უარყოფითი ზეგავლენების შემცირების მიზნით ბანკში  ინერგება ეკომეგობრული ტექნოლოგიები, მუდმივად ახლდება ავტოპარკი, ტრანსპორტით გადაადგილების შესამცირებლად თანამშრომლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა კვირაში ორი დღე დისტანციურად იმუშაონ.  

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების მართვას და მწვანე ბიზნესის მხარდაჭერას. 2012 წლიდან ბანკი აღრიცხავს  და აქვეყნებს ინფორმაციას ოპერირებასთან დაკავშირებული სათბურის აირების გაფრქვევების და მოხმარებული ენერგიის შესახებ. 2022 წლიდან „საქართველოს ბანკი“ აღრიცხავს საკრედიტო პორტფელთან დაკავშირებულ, ანუ დაფინანსებული პროექტების გაფრქვევებს, რათა შეძლოს  კლიმატზე გავლენის შეფასება და დასახოს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

„საქართველოს ბანკში“  გარემოსდაცვით საკითხზებზე ზრუნვის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებისთვის მთელი რიგი აქტივობები ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი სტიკერების, პოსტერების, კომპიუტერის ფონის, ოფისების ეკრანზე განთავსებული ვიზუალების მეშვეობით. ბანკი ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის მიზნით იყენებს მწვანე ტომრებს სათავო ოფისსა და რამდენიმე ოფისში, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი ხდება ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და შემდგომი გადამუშავება. მეორადი ქაღალდის გადამუშავების პროცესი გარემოს 75%-ით ნაკლებ ზიანს აყენებს და ამცირებს ხეების მოჭრის საჭიროებასაც.

პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ: ბანკის მთავარი დევიზია, ადამიანების დახმარება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

თანამშრომელთა კმაყოფილების შეფასების მიზნით 2019 წლიდან ბანკში დანერგილია eNPS-ის შეფასების სისტემა. ბანკი ასევე იყენებს 360-გრადუსიანი შეფასების სისტემას, რომლის საშუალებითაც, 2023 წლის მონაცემებით, 5303 თანამშრომელმა მიიღო პერსონალური უკუკავშირი და შეფასება.

ბანკში ტარდება „ბარეტის კვლევა“, რომელიც წარმოადგენს თანამშრომლების ღირებულებების კვლევას იმის განსაზღვრისთვის, თუ რა არის მათთვის ფასეული და რისი განვითარება სურთ სამომავლოდ. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბანკში შემოღებულია ელექტრონული სასწავლო პლატფორმა; დანერგილია ლიდერატორის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ბანკი ხელს უწყობს 31 დასახელების პროგრამაში ახალგაზრდების დასაქმებას.

ბანკში ყოველწლიურად ტარდება ინტელექტუალური, სპორტული, გამაჯანსაღებელი, თერაპიული, გასართობი აქტივობები, საუკეთესო თანამშრომლოების გამოვლენის და დაჯილდოების ღონისძიებები, მოხალისეობრივი ჩართულობა, pro bono აქტივობები. ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც  დანერგილია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის სისტემა.

2021 წლიდან ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თანამშრომელი დედებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა მამებისთვისაც და მათ შეუძლიათ ის დღეები აითვისონ, რომლებსაც დედა არ გამოიყენებს. თანამშრომლებს ეძლევათ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, 730 კალენდარული დღის ოდენობით.

 

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში: „საქართველოს ბანკი“ პირველი ბანკია საქართველოში,  რომელმაც 2006 წელს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა.

თავის საქმიანობის ფარგლებში ბანკი მკაცრად იცავს პერსონალურ მონაცემებს და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს.  მომხმარებელთა დაცვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა საქმიანობის მთავარი პრინციპია. ახალგაზრდა თაობაში ფინასური განათლების ხელშესაწყობად ბანკმა დააფინანსა პირველი საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოში (2000 მონაწილე), ასევე არის „კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადის“  პროექტის  გენერალური მხარდამჭერი. წლების განმავლობაში ბანკმა დააფინანსა 18 სოციალური საწარმო 800 000-მდე ლარით, სადაც დასაქმდნენ შშმ პირები. 

საზოგადოების მხარდაჭერა: „საქართველოს ბანკმა“ 2022-2023 წლებში განახორციელა და  დააფინანსა  პროექტები, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით შექმნეს განათლების კონკრეტული შესაძლებლობები  120 000-ზე მეტი  ახალგაზრდისთვის, სკოლის მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, მეწარმისა და მომხმარებლისთვის. ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის განხორციელდა შემდეგი საგანმანათლებლო ინიციატივები: სასტიპენდიო პროგრამები (საქართველოსა და საზღვრებს გარეთ), ფინანსური განათლება, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის ინიციატივები, STEM განათლების ხელშეწყობა, განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა.

ბანკმა შექმნა საგანმანათლებლო სივრცეები და საგანმანათლებლო რესურსები – იდეათეკა. ასევე ხელმისაწვდომი გახდა არსებული და ახალი საგანმანათლებლო რესურსები – STEM  სკოლა და  STEM ოლიმპიადა.

„საქართველოს ბანკი“ გასცემს სტიპენდიებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მხარს უჭერს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს. ამრიგად, მას პარტნიორული ურთიერთობა აქვს საქართველოს 15 აკრედიტირებულ წამყვან უნივერსიტეტთან და სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციასთან.