ეიპიემ ტერმინალს ფოთი - APM Terminals Poti
"ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მეშვეობით გლობალურ ბაზარზე ვპოზიციონირებთ, როგორც ლიდერი კომპანია. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე, სადაც ვსაქმიანობთ და გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ. მეტი სიკეთის კეთება გვაქცევს სანდო და პასუხისმგებლობიან პარტნიორად, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას". ხულიან ფერნანდესი, დირექტორი.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
„ეიპიემ ტერმინალსი“ გარემოს დაცვის ერთგულია და მუდმივად ზრუნავს, რომ ნავსადგურის ოპერაციების მართვა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და გამართული, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოხმარება – ოპტიმალური. გლობალურად, კომპანიის მთავარი სტრატეგია გადაზიდვების ინდუსტრიის დეკარბონიზაციაა. კომპანია აძლიერებს ძალისხმევას, რომ 2040 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს.
გარემოს დაცვის მიზნით კომპანია მიმართავს შემდეგ მეთოდებს: ნავსადგურის გავლენის ზონაში გარემოს კვლევას და შეფასებას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, ჩამდინარე წყლებისა და ზღვის წყლის მონიტორინგს, ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიის შემცირებას და დეკარბონიზაციის ზომებს.
„ეიპიემ ტერმინალსი“ ახდენს ინვესტირებას უფრო უსაფრთხო, ხარისხიან, ფართომასშტაბიან ოპერაციებში. საქართველოს უმსხვილეს ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება ზრდის მის გამტარუნარიანობას, აუმჯობესებს უსაფრთხოებას და ეფექტიანობას და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ
სამუშაოს და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვის მიზნით კომპანიამ დააწესა თანამშრომელთა დახმარების პროგრამა (EAP). პროგრამა ხელმისაწვდომია თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის და სთავაზობს მათ როგორც ემოციურ, ისე იურიდიულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე მიმართულ რჩევებს, კონსულტაციებსა და ინსტრუმენტებს.
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევითა და კვების ვაუჩერებით, მათ შვილებს სთავაზობს ინგლისური ენის კურსებს; კომპანიაში დაწესებულია დეკრეტული შვებულების 126 ანაზღაურებული დღე, დამატებითი შვებულების დღეები ქორწინების, შვილის დაბადების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. თანამშრომლებს აქვთ სწავლის და განვითარების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი ტრენინგების, ისე MyLearning და Cornerstone ონლაინ სასწავლო პლატფორმების საშუალებით.
კომპანიაში ყოველწლიურად 25 სხვადასხვა ტიპის ტრენინგი ტარდება, მათ შორის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტროუსაფრთხოების, ConQuip ლიცენზირების, Excel და სხვა საოფისე პროგრამების სასწავლო კურსები. მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია რეგულარული ხელახალი სერტიფიცირება. თანამშრომელთა ინიციატივით, კომპანიაში შეიქმნა გადაუდებელი რეაგირების ფონდი, რომელიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ თანამშრომლებს, ვისი ოჯახის წევრებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო მკურნალობა.
კეთილსინდისიერი ქცევა ბაზარზე
კომპანიას ჰყავს გაყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალური გუნდები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გაყიდვების სრული ციკლის და გაყიდვების შემდგომი მომსახურების მართვაზე. უსაფრთხოების გუნდები ზრუნავენ, რომ ყველა თანამშრომელს გავლილი ჰქონდეს უსაფრთხოების დაცვის ტრენინგი, ხოლო მომსვლელები არ დაიშვებიან ნავსადგურში უსაფრთხოების წესების წინასწარი გაცნობის გარეშე.
პროცესების გაციფრულებასა და სტანდარტიზების მეშვეობით კომპანია მუშაობს მომწოდებელთა ESG მაჩვენებლების კომპლექსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეკარბონიზაციას, უსაფრთხოებას, დაცულობას, ადამიანის და შრომის უფლებების დაცვას.
კომპანია ატარებს მომხმარებელთა კმაყოფილების ყოველკვარტალურ კვლევას, რის შემდეგაც პირისპირ ხვდება მათ წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვის და მოგვარების მიზნით. მომხმარებლებთან კომუნიკაცია მრავალი არხით ხდება, მათ შორის – პირისპირ, ელექტრონული ფოსტით და ტელეფონით. მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა და ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი პროდუქტის თუ მომსახურების შექმნა პოტენციურ მომხმარებელთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება.
საზოგადოების მხარდაჭერა
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია ეფუძნება გაეროს მდგრადი განვითარების ოთხ მიზანს: ნულოვან შიმშილს, ხარისხიან განათლებას, გენდერულ თანასწორობას და კლიმატისთვის მოქმედებას. როგორც მსხვილი ორგანიზაცია, „ეიპიემ ტერმინალსი“ ისტორიულად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამოირჩევა. ფოთის ნავსადგურს მრავალი წელია შეაქვს წვლილი ადგილობრივი საჭიროებების მოგვარებასა და მოსახლეობის მხარდაჭერაში.
„ეიპიემ ტერმინალსს“ ჰქონდა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის ნიჭიერების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ნავსადგურში“. ჩატარდა დასაქმების პირველი ფორუმი, რომელმაც 20 ორგანიზაციას მოუყარა თავი. სამუშაო სივრცეში აიკრძალა ერთჯერადი პლასტმასის ჭიქების გამოყენება. პირველად ფოთში ტერმინალმა წამოიწყო მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.
კომპანია აფინანსებს ბავშვთა დღის ცენტრს და თავშესაფარს, ასევე ეპარქიის სასადილოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. კომპანია აქტიურ ურთიერთობას ინარჩუნებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მედია საშუალებებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.