Exactpro

ნათია სირბილაძე, Exactpro-ს თბილისის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი, ზედამხედველობას უწევს კომპანიის საქმიანობის სრულ სპექტრს და ამავდროულად, როგორც სოციალური გავლენის კონცეფციის ერთგული, ზრუნავს CSR ინიციატივების განხორციელებაზე.  

ნათია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საერთაშორისო საკვალიფიკაციო საბჭოს (GeoSTQB) საქართველოს განყოფილების თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ICT საქართველოს ასოციაციის გამგეობის წევრი და STEM-ში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო მენტორული პროგრამის მენტორია.

ნათია აქტიურად ქმნის ინკლუზიურ სამუშაო სივრცეს დამსახურებაზე დაფუძნებული  ორგანიზაციული კულტურით, ერთიანი ძლიერი გუნდით და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოთი. ნათია ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში კარგად დაბალანსებული ტექნოლოგიური ინდუსტრიის შექმნას: Exactpro-ს თანამშრომელთა 33%, ისევე, როგორც GeoSTQB-ის გამგეობის წევრთა უმრავლესობა, ქალია.

თავდაუზოგავი შრომის და თავდადების შედეგად, ნათია მუდმივად იმყოფება ტექნოლოგიური მიღწევების ავანგარდში. მისი თაოსნობით Exactpro ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას შეუერთდა, მათ შორისაა:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში – უცხოელი სპიკერების გამოსვლებით, სემინარებით, დასაქმების ფორუმებითა და ტრენინგებით დატვირთული ყოველწლიური ღონისძიება;
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობდა 500 ქალის უფასო გადამზადებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარულ პროფესიებში;
  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტი „Do IT in Georgia” და მრავალი სხვა.

ნათიას ძალისხმევით, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება შეიტანეს ერთ-ერთ საგნად GITA-ს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაში, რაც ასობით ადამიანს მისცემს საშუალებას სრულიად უფასოდ გაიარონ კურსი და მიიღონ საერთაშორისო აღიარების სერტიფიკატი.   

2023 წელს ნათია დასახელდა ფინალისტად კონკურსში Women in Tech Global Awards, რაც ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ქალების მიზანმიმართული და ცვლილებაზე ორიენტირებული ძალისხმევის პრესტიჟული აღიარებაა.