თიბისი ბანკი
2019 წლიდან, ბიზნესის ზრდასთან და სხვადასხვა ბაზრებსა და სეგმენტებზე გასვლასთან ერთად, „თიბისიმ“ მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარეს აწვდის ნათელ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკის“ საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ.
მდგრადი განვითარების პირველი ანგარიში მომზადდა გარე კონსულტანტის დახმარებით, ხოლო 2020 წლიდან ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების დეპარტამენტი და, თემატური საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებიც. გამოქვეყნებამდე ანგარიშს ამტკიცებს დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო.
მდგრადობის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებსა და კორპორაციულ კულტურაზე, სხვადასხვა ინიციატივაზე, თანამშრომლებსა და პარტნიორებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობაზე, ქვეყნის მდგრად განვითარებაში შეტანილ წვლილზე. კომპანია ზრუნავს, რომ ანგარიშში გამოყენებული ენა არ შეიცავდეს სტერეოტიპებსა თუ დისკრიმინაციას; ანგარიშის გასაფორმებლად შერჩეულია პოზიტიური ვიზუალური მასალა, განსაკუთრებით, მრავალფეროვნების, გენდერის და გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით. ანგარიშის ყოველ თავს შეესაბამება სიფრთხილითა და დაფიქრებით შერჩეული თემატური ფოტო. ანგარიში მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით და შეიცავს ინფორმაციას გაეროს გლობალური შეთანხმების და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ.
ანგარიშის ინგლისური და ქართული ვერსიები ხელმისაწვდომია „თიბისი ბანკის“ ვებგვერდზე.
ყოველწლიურად იმართება მდგრადი განვითარების ანგარიშის წარდგენის ღონისძიება, რომელსაც „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი მასპინძლობს. როგორც წესი, ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას აქვს ერთი მთავარი თემა, რაც 2022 წელს იყო „მდგრადი ბიზნესმოდელები და პრაქტიკები საქართველოში“. ანგარიშის წარდგენაზე მიწვეული იყო 120-მდე სტუმარი: ბანკის თანამშრომლები, მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, სამთავრობო ორგანიზაციები და „თიბისის“ მენეჯმენტი. ღონისძიება გააშუქა 40 სატელევიზიო და ონლაინ მედიასაშუალებამ.
თიბისი ყოველწლიურად აფართოებს საქმიანობასა და ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს დადებითი ზეგავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე.