სქილვილი
„სქილვილი“ რეგიონში პირველი ონლაინ ნეოუნივერსიტეტია, რომელიც მთლიანად სწავლების ინოვაციურ მეთოდებზეა აწყობილი. ონლაინრეჟიმში სწავლება დამატებითი სარგებელია მათთვის, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს და სურვილი აქვს მიიღოს განათლება და დაეუფლოს მომავალ პროფესიას.
პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მიზანი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობაა კონკურენტუნარიან და მაღალანაზღაურებად გარემოში. პროექტის ფარგლებში, სქილვილის პარტნიორმა, იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა, გამოაცხადა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეეძლოთ დევნილის სტატუსის მქონე პირებს. შერჩეულ საუკეთესო აპლიკანტებს სწავლა სრულად დაუფინანსდათ. „სქილვილმა“, შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ, ახალგაზრდებს დაუფლებოდნენ მომავლის პროფესიებს და, მეორე მხრივ, აფხაზეთის მთავრობას - პარტნიორობის და თანადაფინანსების ნაწილში ჩართულიყო პროექტის განხორციელებაში.
დღეისათვის, დევნილის სტატუსის მქონე 40-მდე ახალგაზრდა სრული დაფინანსებით იღებს განათლებას.
მნიშვნელოვანია, რომ „სქილვილში“ ახალგაზრდები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას ეუფლებიან, არამედ გადიან კარიერული განვითარების ტრენინგებს, ეცნობიან საჭირო კონტაქტებს, რაც საბოლოოდ აისახება მათ წარმატებულ მომავალსა და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციაზე. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ყველა ტიპის შესაძლებლობას, რაც განათლების მიღებას და ღირსეული მომავლის შექმნას უკავშირდება.
სტუდენტების ნაწილმა სწავლა 2023 წლის ბოლოს დაასრულა და მათ შორის უკვე არიან დასაქმებულები. კერძოდ, ჩვენი პარტნიორი კომპანიების აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც აძლევს შესაძლებლობას კურსდამთავრებულებს იმუშაონ რეალურ დროში ციფრულ პროექტებზე და მიიღონ ანაზღაურება პრაქტიკულად შესრულებული სამუშაოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „სქილვილი“ უზრუნველყოფს სტუდენტთა 80%-ით დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე, რაც განგრძობადი პროცესია. 2024 წლის მარტში „სქილვილის“ მიერ დაგეგმილ მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინონ სასურველი დასაქმების შესაძლებლობები წარმატებულ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი განვითარების მიზნებს და კორპორაციული მდგრადობის პოლიტიკის განხორციელებას. „სქილვილი“ საქართველოში პირველი ნეოუნივერსიტეტია, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპის ხელმომწერი ორგანიზაციაა. ჩვენ ვიაზრებთ კერძო სექტორის როლს პასუხისმგებელი ბიზნესგარემოს შექმნისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ მდგრადობის პრინციპების დანერგვას ორგანიზაციის შიგნით და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ჩვენს სტუდენტებსა და საზოგადოებაში. „მელიორაში“ მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ქართულ ბიზნესში უკვე არსებობს“ - ლანა ჩხარტიშვილი, Skillwill საქართველოს დირექტორი.