მთავარი არხი

„მთავარი არხის“ მიზანი იყო შეექმნა ისეთი გადაცემა, რომელსაც ექნებოდა სოციალური პასუხისმგებლობა თავისი მაყურებლისა და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. გადაცემა „შენი შუადღე“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების გავრცელებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: შშმპ თემატიკა, ადამიანის უფლებები, უმცირესობების საკითხები და სხვა, ასევე ცნობიერების ამაღლებას, რის შედეგადაც ადამიანები ხდებიან უფრო ტოლერანტულები.

გადაცემა “შენი შუადღე”-ში  თემების ძირითადი ნაწილი შეირჩა კვლევების საფუძველზე.  ამ გზით დადგინდა ქვეყნისათვის ყველაზე აქტუალური საკითხები, ხოლო გადაცემაში რუბრიკად გასული ყველა თემაზე მუშაობისას გუნდმა კონსულტაციები გაიარა დარგის პროფესიონალებთან.

„შენს შუადღეში“ განათლების თემაზე არაერთი რუბრიკაა შექმნილი, რომლებიც მომზადდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასა თუ კონკრეტული დარგების სპეციალისტებთან კონსულტაციით და უმეტესად მათი, როგორც თანაწამყვანების, უშუალო ჩართულობით.

ტელევიზიის წარმატების საზომი მისი რეიტინგია – „შენი შუადღე“ და ზოგადად არხი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებდა მეორე ადგილს. გადაცემას აქტიური გამოხმაურება აქვს პირდაპირ ეთერში, არხის ფეისბუკგვერდზე. მაყურებელს სისტემატურად აქვს კავშირი არხთან, გვერდზე კომენტარებისა თუ პირადი შეტყობინების გზით მაყურებელი გამოთქვამს თავის აზრს კონკრეტული საკითხის თუ გადაცემის შესახებ. არხი მუდმივად ითვალისწინებს მაყურებლის აზრს და ცდილობს მოერგოს მის გემოვნებასა და ინტერესებს.

2024 წელსაც „შენი შუადღის“ რუბრიკები მთლიანად მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით დაკომპლექტდა.