თეგეტა ჰოლდინგი
პროექტი „ზრუნვის კედელი“ თეგეტას გამორჩეული პროექტის "Tegeta.Care-ის ფარგლებში უკვე მესამე წელია ხორციელდება. პროექტის იდეა გაჩნდა „თეგეტა ქეარის“ ბენეფიციარებთან პარტნიორობის შედეგად.
პროექტის სამიზნე ჯგუფები სწორედ ამა თუ იმ ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან და მათი იდენტიფიცირება სხვადასხვა პრობლემის გარშემო მომუშავე ორგანიზაციების დახმარებით მოხდა.
ყოველ წელს ირჩევა 5-7 ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცები და ბავშვები არიან გაერთიანებული და მათთან ურთიერთობა მყარდება. ბენეფიციარები ადგენენ მათთვის სასურველი საჩუქრების ჩამონათვალს და წერილს სწერენ სანტას. შემდეგ გროვდება წერილები, ელექტრონულ ფორმას იღებს და თავსდება „ზრუნვის კედელზე“.
უკვე მესამე წელია, რაც ორგანიზაციების ბენეფიციარები „თეგეტასგან“ ელიან საახალწლო საჩუქრებს. 3 წლის განმავლობაში პროექტი 900-მდე ასრულებულ სურვილსა და 1000-ზე მეტ მზრუნველ თანამშრომელს ითვლის. პროექტში 3 წლის განმავლობაში 15 ორგანიზაცია ჩაერთო. 2023 წელს 6 ასეთი ახალი ორგანიზაცია იყო, რომელთა ბენეფიციარების 200-ზე მეტი საახალწლო სურვილი 300-ზე მეტმა თანამშრომელმა აასრულა, ამასთან, რეგიონებიდანაც აქტიურად გზავნიან საჩუქრებს.
ერთი მხრივ, „ზრუნვის კედელი“ იძლევა სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობისა და საახალწლოდ ბევრი გაღიმებული და ბედნიერი სახის დანახვის შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი, „თეგეტას“ თანამშრომლები ყოველწლიურად ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის - კიდევ ერთხელ შეიტანონ საკუთარი წვლილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეში და იზრუნონ სხვის ბედნიერებაზე.
როგორც პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები ამბობენ, რაც „ზრუნვის კედელი“ დაარსდა, მას ბენეფიციარები ყოველ წელს ელიან და სჯერათ, რომ ახალი წელი მათთვისაც ჯადოსნური იქნება და მიიღებენ საჩუქრად იმას, რაც ყველაზე მეტად უნდათ და სჭირდებათ.
პროექტი უკვე ტრადიციად იქცა და მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა“ ფიქრობს პროექტის კიდევ უფრო მასშტაბურობაზე, რომ რეგიონების თანამშრომლებსაც მიეცეთ ამა თუ იმ რეგიონში დაფუძნებული ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობა და სურვილია, რომ 2024 წელს „ზრუნვის კედელი“ „თეგეტას“ ყველა დიდ ფილიალში იყოს.