დიო

კომპანია „დიო“ საქართველოში აწარმოებს მზისგან დამცავ სისტემებს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ასევ კარ-ფანჯრებს და საფასადო სისტემებს. კომპანიის მიზანია შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ჰქონდეს ევროპული სტანდარტების მომსახურება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შედგებოდეს.

სამშენებლო სექტორის სწრაფი ზრდა საქართველოს ბაზარზე ითხოვს  ახალი ტექნოლოგიების შემოტანას და განვითარებას, ახალი პროფესიების  დამკვიდრებასა და ძველი თანამშრომლების გადამზადებას. 

წარმოების პროცესებისა და მომსახურების ხარისხის უმაღლესი დონის მისაღწევად საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და დასაქმება, ასევე კომპანიის მენეჯმენტის  მომზადება/გადამზადება.

„დიომ“ გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში და ჩაერთოს პროგრამაში, რომელიც შეესაბამება და მოიცავს კომპანიის მუშაობის სპეციფიკას. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კომპანიას და თან შრომის ქართულ ბაზარს კომპეტენტური სპეციალისტების მიწოდებით მოემსახურება.

პროექტის „დიო – პროფესიული განათლების მხარდამჭერია“ მიზანია ბაზარზე გამოჩნდნენ კვალიფიციური მემონტაჟეები და ამით პერიოდულად შეივსოს და განახლდეს არსებული დეფიციტი. საყურადღებოა, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება არაერთი ადამიანი და მიიღებს სრულყოფილ პროფესიულ ცოდნას.

პროექტის განსახორციელებლად შეირჩა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ – კოლეჯი, სადაც მოეწყო სპეციალური ოთახი და სრულად აღიჭურვა ყველა იმ მასალითა და ხელსაწყოთი, რაც საჭიროა სწავლისთვის. ცენტრს გადაეცა საჭირო სასწავლო მასალა და კატალოგები, შეგროვდა პროგრამისთვის საჭირო სასწავლო რესურსები, რაც განთავსდა ბიბლიოთეკაში. პირველ სასწავლო ნაკადში, გასაუბრების შედეგად, შეირჩა 9 შეგირდი.

პროექტი დაიწყო 2023 წლის დასაწყისში და მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომპანია მზად არის, რომ სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, „დიოს“ მიერ აღჭურვილ სამუშაო ოთახში, თავისი თანამშრომლები მასწავლებლებად გაგზავნოს და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში სრულად ჩაერთოს. ასევე უმასპინძლოს მსმენელებს თავის სათავო ოფისსა და საწარმოში.

კომპანია დიოს სურვილია ეს თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი და მზარდი, რაც გულისხმობს გრძელვადიანი დუალური პროგრამების დანერგვას და სასწავლო პროგრამისთვის ახალი მოდულების დამატებას.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ,,დიო“ არის ქართული საზოგადოების ნაწილი, 28 წელი ლიდერი თავის საქმეში. ამრიგად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც მორალური, ასევე ეთიკური, ვიზრუნოთ საზოგადოებაზე და ჩვენი საქმიანობით მოვახდინოთ დადებითი ზეგავლენა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე. უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი თანამშრომლებისა თუ ირგვლივ მყოფი საზოგადოების ცხოვრება. მიგვაჩნია, რომ თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით ბევრი ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი“ - ირმა დაუშვილი, „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.