ბაზისბანკი
„ბაზისბანკი“ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
„ბაზისბანკსა“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და „ბაზისბანკის“ მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.
მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების მიზნით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახდა ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი“, რომელიც აქტიურადაა ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.
ბაზისბანკის წვლილი, გარდა ფინანსურისა, იყო ტექნიკურიც. ბანკის მარკეტინგის თანამშრომლებმა საწარმოს თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრენინგები გაყიდვებსა და სოციალური მედიის მართვაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ბრენდის პოპულარიზაციისა და პროდუქციის რეალიზაციის გასაზრდელად.
პროექტის ფარგლებში საწარმომ მიაღწია დასახულ მიზნებს: 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა წარმოება, შეიძინეს საჭირო დანადგარი და ხარისხიანი მასალა, პროდუქციის ხარისხის გასაზრდელად და დროის რესურსის დასაზოგად.
პროექტის განხორციელების შედეგები:
- განახლდა საწარმოს ტექნიკური ბაზა;
- კლიპების გავრცელებისა და მედიაში განხორციელებული აქტივობების შედეგად, გაიზარდა ცნობადობა და მოიზიდეს დამატებითი მომხმარებელი;
- დამზადდა 70 წყვილი ფეხსაცმელი, საიდანაც რეალიზაციაში გაეშვა 27 წყვილი (21 წყვილი – ქალის და 6 წყვილი – მამაკაცის);
- საწარმომ გაყიდვიდან მიიღო 3000 ლარის შემოსავალი და დარჩენილი პროდუქციის (43 წყვილის) რეალიზაციის შემდეგ დამატებით დაახლოებით 4900 ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.