ტერაბანკი

„ტერაბანკის“ სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, ამ სეგმენტის მხარდაჭერა კი – ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. 

პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდებში მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში, სულ უფრო აქტუალური ხდება მომხმარებლისთვის ინოვაციური, გამარტივებული ციფრული მომსახურების შეთავაზება.  ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საქმიანობის გაციფრულება უდიდეს პერსპექტივებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თუმცა, რესურსების ნაკლებობის გამო მნიშვნელოვან გამოწვევასაც წარმოადგენს. 

რესურსების პრობლემა არაერთხელ გამოიკვეთა „ტერაბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საჭიროებების კვლევისას და ასე გაჩნდა „ტერაბანკის“ ციფრული განვითარების გუნდის იდეა – შექმნილიყო ონლაინპლატფორმა SaaSargeblo.ge, ელექტრონული გზამკვლევი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს SaaS კომპანიებთან – ტექნოლოგიურ  სტარტაპებთან – დააკავშირებდა და საქმიანობის გაციფრულებასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში დაეხმარებოდა. 

SaaSargeblo.ge-ს პრეზენტაციის დღიდანვე SaaS კომპანიებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ციფრული პლატფორმა, რომელზეც ბიზნესს SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი ხვდებათ, სულ 5 თვეა ფუნქციონირებს, თუმცა ის უკვე 20-მდე SaaS კომპანიას აერთიანებს. მისი დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის 10 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია საქმიანობის გაციფრულებისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებ, ორ B2B შეხვედრას 150 ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, უკვე დაიდო 10-მდე გარიგება SaaS კომპანიებსა და ბიზნესს შორის და ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. 

Saasargeblo.ge პროექტის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესმა აღმოაჩინა მათთვის ხელმისაწვდომი ციფრული პროდუქტები, რომლებიც არსებითად ცვლის და ამარტივებს მათ საქმიანობას, პერსპექტივაში კი ზრდის შემოსავალსა და მომხმარებლების რაოდენობას; სტარტაპებს გაუჩნდათ საკუთარი პროდუქტების შეთავაზებისა და პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, პროექტის მეშვეობით, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები გადაიდგა. 

პლატფორმის საქმიანობა  2024 წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება, გაფართოვდება და საქართველოს რეგიონებზეც გავრცელდება.