8000 მოსავალი
ქართულ ღვინოს 8000-წლიანი ტრადიცია აქვს, თუმცა ბოთლის კარგი ქართული ღვინო მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც პოპულარული გახდა. კომპანიამ „8000 მოსავალი“ მიზნად დაისახა შეეცვალა როგორც მწარმოებლის, ისე მომხმარებლის დამოკიდებულება ქართული ღვინის მიმართ და აემაღლებინა მათი ცნობიერება.
კომპანიის მიზანია ქართველ მეწარმეებს მისცეს მოტივაცია, გაზარდონ წარმოება, პროდუქტის ხარისხი და ხელმისაწვდომობის არეალი.
2023 წლამდე „8000 მოსავლის“ ღვინის ბარ-მაღაზიები მხოლოდ თბილისში იყო, ხოლო ძირითადი მომწოდებლები - კახეთიდან და ქართლიდან. ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად გაჩნდა მომხმარებლის მოთხოვნა განსხვავებულ ჯიშებსა და გემოზე, რამაც გამოიწვია მეღვინეების ინტერესი დასავლეთ საქართველოდან და მათი ღვინის კომერციულ წარმოებაში ჩართვა. შეირჩა ოპტიმალური ადგილები ღვინის მოსაწოდებლად დასავლეთ საქართველოში და პირველი ფილიალებისთვის - საზღვარგარეთ.
დასავლეთ საქართველოს მეღვინეებისთვის ღვინის წარმოების პერსპექტივის უკეთ წარმოსაჩენად „8000 მოსავალმა“ ფილიალი გახსნა ბათუმში, პარალელურად საწყობი სივრცე შეიქმნა თბილისში, რაც ძალიან დაეხმარა და პროცესი გაუმარტივა აღმოსავლეთი საქართველოს მეწარმეებს, რომელთაც თავად არ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის ტრანსპორტირება.
კომპანიამ საზღვარგარეთ პირველი ფილიალი გახსნა ბერლინში, დაეხმარა მცირე კომპანიებს პროდუქტის ექსპორტზე გატანაში და ახლა უკვე არსებობს სარეალიზაციო წერტილი ევროპის ბაზარზე. ბათუმის ფილიალის გახსნის შედეგად, 2023 წლის ბოლოს დასავლური მწარმოებლების წილმა 30%-დან 40%-ს მიაღწია. გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნა დასავლეთ საქართველოს ადგილწარმოშობის ჯიშებზე.
2024 წლის იანვარში გაიყიდა 216 მწარმოებლისა და 674 სახეობის ღვინო. კიდევ უფრო მეტ ქართველ მეწარმეს გაეხსნა გზა ევროპული ბაზრისკენ. დღეს ბერლინში 150 ქართველი მეღვინის ღვინო იგზავნება.ბაზარზე კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ასორტიმენტის შერჩევაში კომპანია იყენებს ფარული დეგუსტაციის წესს.
განათლების ხელშეწყობისთვის აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის კომპანია მართავს ფესტივალს, სადაც წარმოდგენილია სტუდენტების საკურსო ნამუშევრები და მოწვეული არიან პოტენციური დამსაქმებლები.
„8000 მოსავალი“ 2024 წლისთვის საზღვარგარეთ ახალი ფილიალის გახსნაზე მუშაობს. კომპანიისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და მომწოდებლების მიმართ კეთილსინდისიერება, ასევე თანამშრომლების კარიერული ზრდა, რისთვისაც კომპანიაშივე ტარდება სხვადასხვა ღონისძიება.
ყველაფერი, რაც კომპანიამ განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს, ეხმიანება კომპანიის მისიას, რომ მსოფლიოს შეაყვარონ და ხელმისაწვდომი გახადონ კარგი ქართული ღვინო.