ბაზისბანკი

2022 წელს, „ვითიბი ბანკის“ გუნდის შემოერთების შედეგად, „ბაზისბანკის“ თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა. ორი კონკურენტული, განსხვავებული ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიის პროფესიონალების ერთ გუნდად შეკვრა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა „ბაზისბანკის“ 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა. 

ბანკის შიდა კომუნიკაციების მიმართულების და HR ბიზნესპარტნიორის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა პროექტი „BB ერთობა“, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა ჩართულობის და მოტივაციის ამაღლებას, გუნდური სულისკვეთებისა და ლოიალობის გაძლიერებას.  

პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომელთა ჩართულობის კამპანიები მოიცავდა თემატურ სემინარებში, კონკურსებში, შეხვედრებსა და მასტერკლასებში მონაწილეობას, შიდა და გარე სპორტულ ჩემპიონატებზე ასპარეზობას, თეატრალურ დადგმებზე დასწრებას, საქველმოქმედო ინიციატივებში ჩართვას, საიუბილეო თარიღებისა და დღესასწაულების აღნიშვნას. გამჭვირვალობის და ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და ამუშავდა სხვადასხვა დონის რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების სქემა. თანამშრომელთა წარმოჩენის და აღიარების მიზნით მოეწყო პირადი სამოტივაციო შეხვედრები ბანკის ტოპ-მენეჯმენტთან, წარმატებული პროექტების საზეიმო აღნიშვნები, ბანკში მომუშავე ადამიანების ვიდეოისტორიების გაზიარება, წარმატებული და სტაჟიანი თანამშრომლების დასაჩუქრება და სხვა. 

პროექტის შედეგად გაუმჯობესდა თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და კომპანიის მიმართ ლოიალობა; წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება. 

ბაზისბანკი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე და ზემოთ ჩამოთვლილი საპროექტო აქტივობების გარდა, რიგ სხვა წამახალისებელ ინიციატივებსა და შეღავათებს სთავაზობს;  მათ შორისაა სრულად დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევა, 6-თვიანი ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება, სწავლის დაფინანსება, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი, სტაჟიანი თანამშრომლების დაჯილდოება და მრავალი სხვა.