ფინო (შპს ბიზნესადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი)
2020 წელს პანდემიის გამო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახა. გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია შეფერხდა, გაიზარდა სტრესი და გაურკვევლობა, რაც სამუშაო პროცესზეც ნეგატიურად აისახა. თანამშრომლები არ საუბრობდნენ ღიად ხელმძღვანელობასთან და საკუთარ პრობლემებს უფრო მეტად ერთმანეთს უზიარებდნენ; გაიზარდა კადრების გადინება.
„ფინოსთვის“ თანამშრომლებთან გრძელვადიანი ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება პრიორიტეტია. იმისთვის, რომ ფინოელებს თავი უკეთ ეგრძნოთ და ეგრძნოთ მხარდაჭერა, შეიქმნა „ბედნიერების კომიტეტი“ – თანამშრომლების გუნდი, რომელიც ზრუნავს ფინოელების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. ყველა თანამშრომელს ჰყავს თავისი „მაფინო“ (MyFino) – ბედნიერების კომიტეტის წევრი, რომელიც ინტერესდება თანამშრომელთა სტრესისა და დისკომფორტის გამომწვევი საკითხებით და ცდილობს მათ მოგვარებას. მაფინოები ზრუნავენ ფინოელთა პროფესიულ ზრდაზე, მეგობრული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.
2023 წელს მაფინოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა „ექაუნთზე ზრუნვის მენეჯერების რგოლის შექმნა“ და პროფესიული პროგრამა „ისწავლე-ასწავლე“.
ვინაიდან ფინანსური მომსახურების გაწევის პროცესში კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შეიქმნა შუამავალი საკომუნიკაციო რგოლი კლიენტ კომპანიასა და შემსრულებელ გუნდს შორის. ექაუნთქეარ-მენეჯერი ეხმარება გუნდს საქმის სწორად გააზრებაში, უზრუნველყოფს როგორც ტექნიკურ, ისე ემოციურ მხარდაჭერას.
2023 წელს დაინერგა „ისწავლე-ასწავლეს“ ტრენინგების სერია, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ერთმანეთს უტარებენ ყოველდღიურ მოკლე ტრენინგებს იმ პერიოდში აქტუალურ საკითხებზე; პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია საერთო პლატფორმაზე.
მაფინოების ინიციატივით 2023 წელს ჩატარდა ღონისძიება გუნდის შესაკვრელად. გარდა ამისა, წლის განმავლობაში კომპანიაში აღინიშნება ყველა ფინოელის დაბადების დღე.
„ბედნიერების კომიტეტის“ ამუშავების შედეგად ფინოში გაიზარდა თანამშრომლების ლოიალობის მაჩვენებელი. მენეჯმენტს მუდმივად აქვს განახლებული ინფორმაცია თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 2023 წელს შემცირდა თანამშრომელთა გადინება. საგრძნობლად გაუმჯობესდა კომუნიკაცია როგორც გუნდის წევრებს შორის, ისე კლიენტებთან.
2024 წლისთვის „ბედნიერების კომიტეტის“ საქმიანობის მასშტაბები გაფართოვდება.