PSP


PSP 30 წელია ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. კომპანიაში დასაქმებულია 5000-მდე თანამშრომელი, რომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების უწყვეტ განვითარებას 20 წლის წინ დაარსებული PSP აკადემია ემსახურება. 

კოვიდ-19-ის პანდემია ბოლო წლების უდიდეს გამოწვევად იქცა კომპანიისთვის. აფთიაქის მენეჯერებს მოუწიათ არა მარტო პროფესიული საქმიანობის ეფექტური მართვა მუდმივად განახლებადი კოვიდრეგულაციების ფონზე, არამედ კრიზისების და სტრესული სიტუაციების დაძლევაც გარემოში, სადაც პირბადის გამოყენების და დისტანციის დაცვის კულტურაც კი არ არსებობდა. სწორედ ამ პერიოდში ცხადად გამოჩნდა წინა ხაზის მენეჯერების შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება, რათა არაპროგნოზირებად და ცვალებად გარემოში მათ შეძლონ მართვის ყოველდღიური პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება და ამავდროულად, მათ დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნება. 

ამ საჭიროების პროექტის სახით ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განხორციელება დაევალა PSP აკადემიას, რისთვისაც აკადემიამ 2022 წლის მიწურულს მენეჯერთა ტრენინგის საჭიროებების კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩა პრიორიტეტული თემები და შემუშავდა მენეჯერთა განვითარების 90-საათიანი პროგრამა. პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე მის ფარგლებში 78 ახალბედა მენეჯერი გადამზადდა. განხორციელებაში ჩართული იყო როგორც კომპანიის შიდა რესურსი – დირექტორი და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ტრენერები და ქოუჩები. 

უკუკავშირის ანონიმურ კითხვარში თანამშრომლებმა გამოხატეს კმაყოფილება პროექტით და აღნიშნეს, რომ ის დაეხმარათ გუნდის წევრებთან კომუნიკაციაში, მშვიდი, საქმიანი, სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებაში. ყველამ ერთხმად გამოხატა პროექტის გაგრძელების და პროგრამული გამრავალფეროვნების სურვილი. 

PSP სტაბილურად ინარჩუნებს საუკეთესო დამსაქმებლის პოზიციას. პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვის ფარგლებში, მატერიალური კომპონენტის, კორპორაციული დაზღვევის, სხვადასხვა ბონუსების, სამგზავრო ბარათების 50%-იანი თანადაფინანსების გარდა, PSP ხშირად მართავს გასვლით ღონისძიებებს, კონკურსებს, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს. PSP ქალთა დასაქმებას, თვითრეალიზაციას და განვითარებას უწყობს ხელს; სააფთიაქო ქსელის წინა ხაზზე დასაქმებულთა 98%-ს ქალები წარმოადგენენ.