ევროპული სკოლა
2023 წლის ზაფხულში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა განსაკუთრებით დამანგრეველმა სტიქიურმა მოვლენებმა საქართველოში მოქალაქეები კიდევ ერთხელ დააფიქრა და აქტიური მოქმედებისკენ უბიძგა.
გარემოზე ზრუნვა, როგორც გლობალური მოქალაქეობის ერთ-ერთი ასპექტი, „ევროპული სკოლის“ სტრატეგიული გეგმის მიზნებშია გაცხადებული და სკოლისთვის პრიორიტეტული საქმიანობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სკოლამ, რომ 2023-2024 სასწავლო წელი მდგრადი განვითარების „მწვანე“ წლად გამოეცხადებინა. პროექტის მთავარი მიზანი იყო სკოლის საზოგადოების (მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების) ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის სფეროში და შემდგომში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
ინიციატივის ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოიყენეს სკოლის ყველა საინფორმაციო არხი და საშუალება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი კონკურსი და კამპანია, რომელთა მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და „მწვანე აზროვნების“ განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა „ნულოვანი ნარჩენების კამპანია“, რომლის შედეგად შეგროვდა 300 კგ-მდე პლასტმასის ნარჩენი, დაიდგა პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებელი ყუთები. მოსწავლეები მონაწილეობენ გამწვანების აქციებში, ნარგავების ზრდა-განვითარებისთვის იყენებენ ბიოპროდუქტს, ზოგავენ ელექტროენერგიას. მოეწყო ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო დეკორაციების გამოფენა, გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება და შეგროვებული თანხა გადაირიცხა შოვის სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
„მწვანე წლის პროექტი“ გრძელდება. გაზაფხულზე უამრავი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა, აღინიშნა დედამიწის დღე - ყოველივე ემსახურება იმას, რომ სკოლის საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს გარემოს მდგრად განვითარებაზე ზრუნვის განცდა. სკოლა აპირებს გახდეს მწვანე სკოლების საერთაშორისო გაერთიანების წევრი, რაც სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს შეუსაბამებს სკოლის ცხოვრებასა და სასკოლო პროცესებს.