ბაქსვუდის სკოლა
„ბაქსვუდის სკოლა“ აღიარებს, რომ გარემოს დეგრადაციის და მდგრადი საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობის პრობლემები დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. სკოლის მიზანია ებრძოლოს ნარჩენების ჭარბ წარმოქმნას, ენერგიის და წყლის ჭარბ მოხმარებას მდგრადობის კომპლექსური ღონისძიებების მეშვეობით და მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებით.
გარემოზე ზემოქმედების შემცირების და მოსწავლეებში მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლის ორივე კამპუსში, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის კომპანია Enovus-თან თანამშრომლობით, დამონტაჟდა მზის პანელები. ენერგოეფექტურობის შემდგომი ამაღლების მიზნით სკოლა აღიჭურვა ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიებით – LED განათებით, მოძრაობის სენსორებითა და სხვა ენერგოეფექტური მოწყობილობებით.
საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ტენესთან“ თანამშრომლობით, ბაქსვუდის სკოლამ დანერგა გადამუშავების კომპლექსური პროგრამები, მათ შორის, ნარჩენების დახარისხება და ორგანული ნარჩენების კომპოსტირება. სკოლაში სველი წერტილები აღჭურვილია წყლის დაზოგვის მოწყობილობებით, ფუნქციონირებს წვიმის წყლის შეგროვების სისტემა.
გარემოსდაცვითი განათლება ინტეგრირებულია სასკოლო პროგრამაში. მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნის ამაღლებისა და ეკომეგობრული ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით იმართება სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები.
გატარებულმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სკოლაში ელექტროენერგიის და წყლის მოხმარება, შესაბამისად, შემცირდა გარემოზე ზემოქმედებაც. ნარჩენების მართვის პროგრამების მეშვეობით შემცირდა ნარჩენების რაოდენობა და გაიზარდა ნარჩენების ხელახალი გამოყენების და გადამუშავების მაჩვენებლები, რაც უფრო სუფთა და მდგრადი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობით მოსწავლეებმა არა მხოლოდ აიმაღლეს გარემოსდაცვითი ცნობიერება, არამედ ირგვლივ მყოფებსაც უზიარებენ ამ სულისკვეთებას და მოუწოდებენ დაიცვან მდგრადი ცხოვრების წესი. მწვანე სივრცეებმა და ბიომრავალფეროვნების პროექტებმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ეკოსისტემის გამდიდრებას.
სამომავლოდ სკოლა გეგმავს გააფართოოს მზის ენერგიის პროგრამები, სასკოლო პროგრამაში შეიტანოს მდგრადი განვითარების საკითხები, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები და გააძლიეროს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ძალისხმევა. „ბაქსვუდის სკოლისთვის“ გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ პოლიტიკაა, არამედ – ძირეული ღირებულება.