"ვიმ-ბილ-დან საქართველო", "პეპსიკოს" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
ამ სისტემას საფუძვლად უდევს „პეპსიკოს“ გარემოს, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია გარემოზე ზრუნვა და ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. EHS#34 სტანდარტი განსაზღვრავს „პეპსიკოს“ ობიექტებზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საკითხის მიმართ სისტემურ მიდგომას უზრუნველყოფს.
კომპანიაში იქმნება და ხორციელდება ნარჩენების მართვის წერილობითი გეგმა (WMP), რომელშიც გაწერილია პერსონალის როლები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, ნარჩენების დახარისხების, აღრიცხვისა და კონტროლის პროცედურები და ა.შ. ნარჩენების ჯეროვნად მართვისთვის მნიშვნელოვანია მათი კლასიფიცირება, ამიტომ კომპანია იყენებს ნარჩენების ინვენტარიზაციის და მეთვალყურეობის ინსტრუმენტს. ნარჩენების წარმოქმნის პროცესი ყოველთვიურად კონტროლდება; მიღებული ინფორმაცია გამოიყენება პერიოდული ანგარიშგებისთვის. ნარჩენების შემცირებისას კომპანია ხელმძღვანელობს შემდეგი იერარქიით: შემცირება (უშუალოდ წარმოების პროცესში), მეორადი გამოყენება (დამატებითი დამუშავების გარეშე), გადამუშავება (საწყის ან ახალ პროდუქტად), აღდგენა (დამუშავება სასარგებლო თვისების აღდგენის მიზნით) და ნაგავსაყრელზე გატანა.
კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ადგილზევე შეამციროს, მეორეჯერ გამოიყენოს, გადაამუშაოს და აღადგინოს ნარჩენები, რათა თავიდან აიცილოს გარემოზე ტრანსპორტირებით გამოწვეული მავნე ზემოქმედება.