LEAVINGSTONE

2018 წლის 8 აგვისტოს „ჯი-პი-აის“ ვებგვერდზე სამოგზაურო დაზღვევის შევსებისას მომხმარებელს ხვდებოდა დამატებითი მოსანიშნი გრაფა ტექსტით: „ვეთანხმები, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო“. ყველას, ვინც მონიშნა გრაფა, საჩუქრად გადაეცა ქართული სტარტაპის Giovanni Morra-ს ანტიოკუპაციური დიზაინის საპასპორტე, რომელსაც იგივე შინაარსის მესიჯი ინგლისურ ენაზე აქვს წარწერილი. ამ საპასპორტეში ჩადებული საბუთით საზღვრის გადაკვეთისას, ყოველ ჯერზე გავრცელდება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მთავარი სათქმელი – რომ ჩვენი სახელმწიფოს 20% რუსეთს აქვს დაპყრობილი.

კამპანია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მოიცვა ყველა ადგილობრივი მედიასაშუალება; მაღალი მოთხოვნის გამო გადაწყდა კამპანიის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელება. პროექტის საშუალებით მასშტაბურად გავრცელდა გზავნილი საქართველოს ოკუპაციის შესახებ. უშუალოდ 8 აგვისტოს „ჯი-პი-აის“ სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვები გაორმაგდა, ვებგვერდის ვიზიტიორების რაოდენობა კი – გასამმაგდა. მომდევნო დღეებში გაყიდვები 60%-ით გაიზარდა, საიტის ვიზიტიორების რაოდენობა კი – 30%-ით.