ფუდმარტი

„სპარმა“ საქართველოში ადგილობრივი სტარტაპერებისა და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო. პროექტის საშუალებით მცირე მეწარმეებს საშუალება ეძლევათ გაიზიარონ „სპარის“ საერთაშორისო გამოცდილება. კომპანია ეხმარება მათ პროდუქციის მარკეტინგში და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ მცირე მეწარმეს, რომელიც აწარმოებს „სპარის“ ფორმატისთვის საინტერესო პროდუქციას, შეუძლია მიმართოს „სპარს“, რომელიც შეისწავლის პროდუქტს, უკეთებს ბრენდინგს და ხელს უწყობს მის რეალიზაციას. პროექტში ჩართულია კომპანიის კომერციული და მარკეტინგული განყოფილებები; კომერციული განყოფილება ათანხმებს მომწოდებლებთან გაყიდვის პირობებსა და ლოჯისტიკას, რის შემდეგაც მარკეტინგის განყოფილება იკვლევს პროდუქტს, მუშაობს ბრენდინგზე, არჩევს და ამოწმებს შეფუთვას და სთავაზობს მომწოდებლებს გაყიდვების სტრატეგიას.

ამჟამად ადგილობრივ ქსელში „სპარის“ ბრენდით მცირე მეწარმეების უკვე 15-მდე წარმატებული პროდუქტი იყიდება. მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება და მოიცავს პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიას, როგორიცაა მზესუმზირა, აჯიკა, საწებელი, ტყემალი, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები და სხვა.