ეკოტექნოლოგია

ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შეიმუშავა ბიოპრეპარატი და მისი გამოყენების მეთოდი, რომელიც ემსახურება ისეთი აქტუალური ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა გარემოს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურება. ნავთობით დაბინძურებული ტერიტორიების სრული გაწმენდისთვის არაეფექტურია მექანიკური და ქიმიური მეთოდების გამოყენება. ცენტრის მიერ შემუშავებული ბიორემედიაციის მექანიზმი ეკოლოგიურად სუფთა და სწრაფი ტექნოლოგიაა, რომელიც იმეორებს დედამიწის თვითრეგულაციის მექანიზმს და, ამდენად, არ იწვევს ადგილობრივი ეკოსისტემის დამაზიანებელ უარყოფით გვერდით მოვლენებს.

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებულ ტერიტორიებსა და აკვატორიებში, აგრეთვე ნაკრძალებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ვერ ხერხდება დაღვრილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მექანიკური შეგროვება. ნავთობით დაბინძურების მაღალი რისკის პირობებში, ბიოპრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებაც შეიძლება. ბიოპრეპარატის პირველი მასშტაბური გამოყენება მოხდა 2004-2006 წლებში, „კანარგო 2 ჯორჯიას“ ჭაბურღილებიდან ავარიული ამოფრქვევის შედეგების ლიკვიდაციისას. 410,000 კმ ფართობის ეკოსისტემა სრულად გაიწმინდა. 2005 წელს, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, გაიწმინდა რკინიგზის გასწვრივ არსებული 3 კმ. სიგრძის და 20 მ. სიგანის დერეფანი. 2009 წელს მეთოდი გამოიყენეს BRITISH PETROLEUM-ის საქართველოს ობიექტებზე. 2017 წლიდან მიმდინარეობს გუმათის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

„შპს „ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ მიერ შემუშავებულ ექსპრესმეთოდს (პატენტი N: P 4235) არ გააჩნია ალტერნატივა დაცული ტერიტორიებსა ან გარემოს მგრძნობიარე და მოწყვლად უბნებზე გამოყენების თვალსაზრისით“. პაატა მჭედლიშვილი დირექტორი